რაჭიდან ყველაზე მეტი  ხილის ჩირი გერმანიაში გადის

ლეჩხუმის პატარა სოფელ ლაჯანურში 2007 წელს ადგილობრივმა ბიზნესმენმა მამუკა ხუციძემ მიკროხილსაშრობი გახსნა.

შეკვეთამ მოსახლეობა­ გააოცა: ქარხანა ფულს ტყის ვაშლში, მაჟალოში იძლეოდა, რომელსაც აქამდე ხალხი ზედაც არ უყურებდა. ბიზნესმენს ხალხის დარწმუნებაში ბიძაშვილი, გოჩა ხურციძე დაეხმარა და საბოლოოდ მოსახლეობამ ვაშლის შეგროვება დაიწყო. ამან მცირეშემოსავლიან მოსახლეობას დამატებითი შემოსავალი გაუჩინა და საქმეც წინ წავიდა. იმდენად წინ, რომ ვაშლის შეგროვებისთვის ადგილობრივი არეალი მცირე აღმოჩნდა და 2011 წელს მიკროსაწარმომ გადაინაცვლა ამბროლაურში, სადაც ხელშეკრულება გააფორმა გერმანელ პარტნიორებთან და ასე ჩამოყალიბდა ამბროლაურში ხილის საშრობი ქარხანა, რომელიც თამამად შეგვიძლია ჩავთვალოთ თითქმის დაცარიელებული რაჭის ახალ იმედად. ქარხანა პროდუქციას უკვე უცხოეთში გზავნის.

ნათია ფრუიძე, საწარმოს სურსათის უვნებლობის ჯგუფის ხელმძღვანელი:

- ქარხანა ლეჩხუმიდან ამბროლაურში გადმოვიდა, რადგან პერსპექტივა იზრდებოდა და ნედლეულის მოპოვების არეალიც უნდა გაზრდილიყო; ამასთან, აუცილებელი იყო ქარხანას ტრანსპორტის მისადგომად კარგი გზები ჰქონოდა. ასე დავმკვიდრდით ამბროლაურის ყოფილ საკონსერვო ქარხანაში; აქ პანტა მსხლის ჩაბარებაც დავიწყეთ. უცხოეთში ჩვენს ეკოლოგიურად სუფთა ხილის ჩირზე ძალიან დიდი მოთხოვნაა. შარშან 1000 ტონაზე მეტი ვაშლი ჩავიბარეთ.

ვერ ვიტყვი, რომ ფასი დიდია, კილოგრამს 15 თეთრად ვიბარებთ, სხვა საშუალება ჯერჯერობით არა გვაქვს. მოსახლეობა შუა ივლისიდან მაჟალოს ჩაბარებაში საშუალოდ 500 ლარს იღებს. ვფიქრობ, არც ეს არის მცირედი შემოსავალი. ვინც 3 ტონაზე მეტს მოაგროვებს, ტრანსპორტს ვუგზავნით. საბედნიეროდ, წარმოება გავაფართოეთ, ახლა მოცვსა და ასკილსაც ვაგროვებთ, ამას ლიმონისა და მანდარინის მიღებაც დავამატეთ, თანაც ისეთი ლიმონისა და მანდარინის, რომელიც სტანდარტულ ზომებში არ ჯდება და ამიტომ მოსახლეობა ვერ ყიდის. ჩვენთვის მთავარია, ეკოლოგიურად სუფთა იყოს. ციტრუსის კანისგან ცედრას ვამზადებთ, ისე კი მოსახლეობას გადასაყრელად არც ერთ კილოგრამ ციტრუსს არ გავუხდით. გერმანიიდან დიდი შეკვეთა გვაქვს.

- შეკვეთებს რა კრიტერიუმების მიხედვით იღებთ?

- ჩამოდიან უცხოელი სპეციალისტები და ჩვენთან ერთად მუშაობენ იმის განსაზღვრაზე, თუ რომელ პროდუქციაში რა სასარგებლო-სამკურნალო ნივთიერება შედის. შემდეგ აწესებენ კრიტერიუმებს, როგორ შეგროვდეს ნედლეული ისე, რომ არ დაზიანდეს ენდემი. მაგალითად, გურიიდან ფურისულას ვიბარებთ, ძირტკბილას კი კახეთიდან. დიდი მოთხოვნაა ზრდასრულ ფურისულას ბუჩქოვან ფესვებსა და ნორჩ ფურისულაზე. პროგრამულად დავალებული გვქონდა, შეგვემოწმებინა, როგორ მრავლ­დება ძირტკბილა და ამიტომ ცდები ჩავატარეთ, - ქარხანაში თითქმის 2 კვირის შემოტანილი და შემჭკნარი ძირტკბილას ფესვი მიწაში ჩავრგეთ. გაიხარა! ამიტომაც, სადაც კახეთში ძირტკბილა გროვდება, იმ ადგილებს აუცილებლად ვხნავთ, ფესვებიდან ახალი ძირტკბილა უდანაკარგოდ რომ აღმოცენდეს.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 1 აგვისტოს ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად