"აიფიემი" - სოციალურად დაუცველთა ზრუნვის ინდექსი რეკორდულად დაბალია

„აიფიემი“ აგრძელებს მთავრობის წარმატების ინდექსური კვლევის შედეგების გამოქვეყნებას.

ამჟამად, ”აიფიემმა” სოციალურად დაუცველთა ზრუნვის ინდექსი გამოაქვეყნდა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, სამი თვის წინანდელ შედეგებთან შედარებით, ინდექსის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად (რეკორდული 4 პუნქტით) დაიკლო სოციალურად დაუცველებზე/პენსიონერებზე ზრუნვის მიმართულებით და შეადგენს -22. ორი პუნქტით დაიწია მთავრობის ხალხისადმი დამოკიდებულების შეფასების ინდექსმა (-21-დან -23-მდე). აღსანიშნავია, საგარეო ურთიერთობების სფეროში ინდექსის 4 ერთეულით მომატება და ამ მაჩვენებლის უარყოფითი ნაწილიდან დადებითში გადანაცვლება.

ამასთან, 2–5 წლიან პერსპექტივაში წარმატების მოლოდინის ინდექსმა მოიმატა ყველა საკვლევი დარგისთვის, გარდა ტერიტორიული მთლიანობა/უსაფრთხოება/ჯარის და განათლება-მეცნიერების მიმართულებით. ეს ფაქტი შეიძლება ავხსნათ მოახლოებული არჩევნებით და მათთან დაკავშირებული გარკვეული იმედების არსებობით.

”მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის საშუალო ინდექსი განაგრძობს ვარდნას და დაეცა უკვე -11.1-მდე (0.5-ით ნაკლები აპრილთან შედარებით). მოლოდინის ინდექსის საშუალო მაჩვენებელმა, პირიქით, 0.7 ერთეულით მოიმატა და შეადგენს -2.7. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს ზრდა შეიძლება დავაკავშიროთ მომავალ არჩევნებს. მთავრობის საქმიანობის რეიტინგის საშუალო მაჩვენებელმა შეაჩერა ვარდნა და 0.1 პუნქტით მოიმატა კიდევაც, თუმცა იგი კვლავ რჩება ძალიან დაბალ დონეზე და თავის ერთი წლის წინანდელ მაქსიმალურ მაჩვენებელს ჩამორჩება 1.2 ერთეულით. გარკვეულწილად რეიტინგის საშუალო მაჩვენებლის უმნიშვნელო ზრდა უკავშირდება არა მთავრობის ამჟამინდელ ქმედებებს, არამედ მომავალში მისი გაუმჯობესების მოლოდინს”, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

კვლევის ფარგლებში ხდება მთავრობის საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროების მიმართ მოსახლეობის განწყობისა და მოლოდინების შეფასება, რის შედეგადაც ითვლება 3 ტიპის ინდექსი: მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსი, წარმატების მოლოდინის ინდექსი, მთავრობის საქმიანობის რეიტინგი.

კვლევის მორიგი ტალღა ჩატარდა 2016 წლის ივლისის თვეში. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა თბილისის მოსახლეობა: 600 რესპონდენტი, რომელთა ასაკიც იყო 18+. რესპონდენტებს დაესვათ კითხვა მთავრობის საქმიანობის შესახებ შემდეგ სფეროებთან დაკავშირებით: ჯანდაცვის სფერო, განათლება და მეცნიერება, ეკონომიკური საქმიანობა, დასაქმება, სოციალურად დაუცველებზე (მათ შორის პენსიონერებზე) ზრუნვა, საგარეო ურთიერთობები, ტერიტორიული მთლიანობა, უსაფრთხოება, ჯარი, პოლიცია, ადამიანის უფლებები და მთავრობის დამოკიდებულება ხალხისადმი.