„დუგლაძეების ღვინის კომპანიასა“ და ჩინურ კომპანიას შორის, მილიონი ბოთლის შესყიდვაზე ხელშეკრულება გაფორმდა

„დუგლაძეების ღვინის კომპანიასა“ და ჩინურ კომპანიას შორის, მილიონი ბოთლის შესყიდვაზე ხელშეკრულება გაფორმდა!

2016 წლის 27 ივლისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ შანხაიში, დუგლაძეების ღვინის კომპანიის, აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის, შანხაის თავისუფალი სავაჭრო ზონის ღვინის ბირჟის მასპინძლობით და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, შანხაის ღვინის ბირჟის ტერიტორიაზე გაიმართა ღონისძიება - “ქართული ღვინის ზაფხული”.

• “ქართული ღვინის ზაფხულის” ფარგლებში გაფორმდა სამი მემორანდუმი. ერთ-ერთი მემორანდუმის მიხედვით “დუგლაძეების ღვინის კომპანიასა” და “აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის” შეთანხმებით, ”დუგლაძეების ღვინის კომპანიის პროდუქტი” იქნება პირველი ქართული ღვინო და ამავდროულად პირველი ქართული პროდუქტი E-Silkroud-ზე. აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, უკვე ივლისის თვეშივე განხორციელდა 300 000 ბოთლი ღვინის შესყიდვა, ხოლო, მხარეები იმედოვნებენ, რომ წლის ბოლომდე აღნიშნული ციფრი ერთ მილიონს მიაღწევს.

• საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, “აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატასთან” და “შინჰუა ნეტთან” მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომლის თანახმად “აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის” და “შინჰუა ნეტის” ერთობლივ პროექტის ფარგლებში “E-Silkroad - One Country One Product” საქართველო როგორც ერთი ქვეყანა, ჩინეთის ბაზარზე, აბრეშუმის გზის სხვა 40 წევრ ქვეყანას შორის წარდგენილი იქნება ერთი პროდუქტით, ქართული ღვინით. აღსანიშნავია, რომ E-Silkroad მიიჩნევა ერთ-ერთ უმსხვილესი ონლაინ პლატფორმად, სადაც აბრეშუმის გზის წევრი ქვეყნების პროდუქტი ონლაინ რეჟიმში გაიყიდება ჩინეთის მასშტაბით.

• მემორანდუმი გაფორმდა აგრეთვე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, “შანხაის თავისუფალი სავაჭრო ზონის ღვინის ბირჟას” და "აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატას" შორის. შეთანხმების თანახმად შანხაის ღვინის ბირჟაზე განთავსდება ქართული ღვინის საგამოფენო ცენტრი და აღნიშნული ფართი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს განკარგვაში გადაეცემა.

bpn

აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს სამთავრობო დელეგაცია პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით. ხოლო, ჩინეთის მხრიდან, შანხაის მუნიციპალური მთავრობის, თავისუფალი სავაჭრო ზონის და პუდონგის რაიონის ხელმძღვანელი პირები, აგრეთვე, სახელმწიფო ორგანიზაციების და ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლები.

შანხაის ღვინის ბირჟა წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ღვინის პროფესიონალურ სადილერო ორგანიზაციას, რომელიც ფარავს ჩინეთის მასშტაბით იმპორტირებული ალკოჰოლური სასმელების ბაზრის 75%-ს. შესაბამისად, ქართული ღვინის განთავსება შანხაის ბირჟაზე ძალზედ მნიშვნელოვანი შედეგების მოტანი იქნება.

დუგლაძეების ღვინის კომპანიის შესახებ

დუგლაძეების ღვინის კომპანიის“ მიზანი იმთავითვე იყო მაღალი ხარისხის პროდუქციის მოწოდება მომხმარებლისათვის როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის გარეთ, რამაც განაპირობა წარმატებულ ღვინის საწარმოდ ჩამოყალიბება.

კომპანია ფლობს საკუთარ ვენახებს საქართველოს მეღვინეობის სხვადასხვა მხარეში. გარდა ამისა, კომპანია ქართველი გლეხებისგან წელიწადში 5000 ტონაზე მეტ მაღალი ხარისხის ყურძენს იძენს, რომელიც გადის მკაცრ შერჩევას ხარისხისა და ჯიშობრივი სიწმინდის ნიშნით. „დუგლაძეების ღვინის კომპანია“ აღჭურვილია მსოფლიოში აღიარებული კომპანიების მიერ წარმოებული მანქანა - დანადგარებით, როგორებიცაა "Della Toffola", "Krones", "Cavagninno & Gatti", "Seitz Enzinger Noll". საწარმოში განთავსებულია თანამედროვე ლაბორატორია, ყველა საჭირო ფიზიკური და ქიმიური ფართო სპექტრის ანალიზის ჩატარებისთვის. საწარმო სერტიფიცირებულია ISO22000-ის მიხედვით TÜV SÜD-ის მიერ.

“დუგლაძეების ღვინის კომპანიას” ღვინის არაერთ კონკურსზე, ფესტივალსა თუ დეგუსტაციაზე აქვს ჯილდო მიღებული. კომპანია ყოველთვის ორიენტირებულია ხარისხიანი პროდუქციის წარმოებაზე, რასაც ადასტურებს მის მიერ მიღებული მედლები, სიგელები და დიპლომები სხვადასხვა პროფესიულ ღონისძიებებზე.