ჩინეთი ამერიკაში რეკორდულ ინვესტიციებს დებს

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ჩინურმა კომპანიებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში 18,4 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სამჯერ მეტია. ამის შესახებ ანალიტიკური კომპანია Rhodium Group-ი იტყობინება.

ორგანიზაციის ანგარიშიდან ირკვევა, რომ შეერთებულ შტატებში ჩინურმა კომპანიებმა გასული წლის პირველ ნახევარში 6,4 მილიარდის, ხოლო მთელი 2015 წლის განმავლობაში 15,3 მილიარდის ინვესტირება განახორციელეს. როგორც ირკვევა ინვესტიციების ამგვარი ზრდა კერძო სექტორში ბიზნეს შეთანხმებების გაზრდითაა განპირობებული.

„მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ჩინურმა კომპანიებმა სულ 55 შეთანხმება გააფორმეს მომსახურების, ტექნოლოგიებისა და გაყიდვების სფეროში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ინვესტირება განახორციელეს უძრავი ქონების ბაზარზე და საწარმოების მშენებლობაზე. ამ დროისთვის კიდევ რამდენიმე შეთანხმება დასტურის მოლოდინშია, რომელთა ბიუჯეტი 23 მილიარდს აღწევს“, - ნათქვამია ანგარიშში.

კოკა კვირკველია