ქართველებს დიეტა 1,2 მლრდ ლარი უჯდებათ

საქათველოში თვითნებურად დიეტას ყოველი მე-3 ქალი იცავს, მამაკაცებიდან კი - ყოველი მე-10.უფრო ნაკლებია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც პროფესიონალი დიეტოლოგის მიერ შერჩეული კვების რაციონით იკვებებიან. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, დიეტა კი ერთ ადამიანს თვეში, საშუალოდ, 200-250 ლარი უჯდება. თუ ამას სავარჯიშო დარბაზში ვიზიტისა და სპეციალისტის მიერ დანიშნულ მედიკამენტებს მივუმატებთ, გახდომის მსურველთა ხარჯი 350 ლარამდე გაიზრდება.

დიეტოლოგები ამბობენ, რომ სასურველი შედეგის მიღწევისთვის დეიტა დახალოებით ერთი წლის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს. რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ ადამიანს ფორმაში მოსვლისთვის ერთი წლის განმავლობაში 4200 ლარის გაღება მოუწევს. ეს იმ შემთხვევაში, თუკი მსურველი სპეციალისტის რჩევას მიჰყვება.

დიეტოლოგები ამბობენ, დღეს საქართველოში დიეტას ქალების დაახლოებით 10% და კაცების 5% იცავს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში დიეტას 194 ათასი ქალი და 89 ათასი მამაკაცი მისდევს. სტატისტიკური მონაცემებით ქვეყანაში 1,940 მლნ ქალი ცხოვრობს, 1,780 კი - მამაკაცი, ანუ აქედან დიეტას 194 ათასი ქალი და 89 ათასი კაცი იცავს. თუკი ერთ ადამიანს წელიწადში სასურველ ფორმაში მოსვლა 4 200 ლარი უჯდება, გამოდის, რომ ყოველწლიურად ქვეყანაში "მოდიეტეების" ხარჯი მთლიანად 1,189 მლრდ ლარს უტოლდება.

საქართველოში და არა მარტო აქ, სიმსუქნე ერთ-ერთ მთავარ პრობლემად იქცა, ამიტომაც იმატა "შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2"-ის (ინსულინ დამოკიდებულებისგან თავისუფალი) მაჩვენებელმაც. დიეტოლოგების თქმით, სიმსუქნის მაჩვენებელმა ქვეყანაში უკვე მოსახლეობის რაოდენობის 30%-ს გადააჭარბა, რაც საგანგაშო მაჩვენებელია და ამიტომ აუცილებელია, რომ სიმსუქნის პრევენციისთვის სპეციალური ღონისძიებები გატარდეს.

სიმსუქნეს კი ქართველი ქალები და კაცები სხვადასხვა მეთოდით ებრძვიან. ზოგიერთი დილით დარბის, ჭამს დღის განმავლობაში მხოლოდ ერთ პროდუქტს ან თვითნებურად ადგენს დიეტას. "-7 კილოგრამი ერთ კვირაში", "-5 კილოგრამი ერთ კვირაში", "დღეში ერთი კილოგრამის დაკლება", "სპეციალური კოქტეილი გასახდომად"- ამგვარი ათასი სახეობის დიეტის რეცეპტი ინტერნეტში უამრავია, თუმცა კომენტარებში ხშირია მინაწერი, რომ მსურველმა სასურველ შედეგს ვერ მიაღწია და თუ მიაღწია, მერე წონა ერთი ორად "აკრიფა".

ბოლო პერიოდში თბილისში ყველაზე პოპულარული "დუკანის დიეტაა", მასზე ყოველი მე-5 ქალია "შემჯდარი". შედეგიც აქვთ, თუმცა ძვირია. "დუკანის დიეტა" რომ სრულფასოვნად დაიცვა, საშუალოდ დღეში 10 ლარის პროდუქტი უნდა შეიძინო, ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ თავად ამ დიეტის "დამცველები". ამ დიეტის დაცვა თვეში 300 ლარის დახარჯვას ნიშნავს, თუმცა იმისათვის, რომ შედეგს მიაღწიო, ერთთვიანი პერიოდი საკმარისი არ არის. როგორც თბილისელი ლალი ბარათელი ამბობს, "დუკანის დიეტაზე" უკვე 3 თვეა რაც არის და სასურველი შედეგის მიღწევამდე, სავარაუდოდ, კიდევ 3 თვე დასჭირდება.

პოპულარულია ე. წ. ბორშჩის დიეტაც, რომელიც ასევე ძვირი "სიამოვნებაა", რამდენადაც კვების რაიცონში დღის განმავლობაში, "ბორშჩთან" ერთად, სხვა პროდუქტიც უნდა მიიღო. ეს ეფექტის მიღწევისთვის აუცილებელია. ეს დიეტა კი დღეში, საშუალოდ, 7-8 ლარი ჯდება.

სიიაფით გამოირჩევა მაწვნის დიეტა, თუმცა მისი დამთავრებისთანავე, როდესაც ადამიანი ჩვეულებრივ კვებაზე გადავა, შეიძლება ორჯერ მეტი მოიმატოს, რამდენადაც მხოლოდ მაწვნის ჭამით ორგანიზმი ხელოვნური შიმშილის რეჟიმში გადადის და დიეტის შემდგომ პერიოდში "წონის დაბრუნება" უმალ ხდება.

ყველაზე კარგი და შედეგიანი დიეტა კი დიეტოლოგის მიერ დანიშნული სწორი კვება და სპორტია, თუმცა ეს ყველაფერი გახდომის მსურველისთვის საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ამიტომაც მოქალაქეები სპეციალისტთან ვიზიტს თვითნებური დიეტის დანიშვნას ამჯობინებენ და შესაბამისად, ასეთი ადამიანების რიცხვიც საკმაოდ მაღალია.

დიეტოლოგი ნარგიზ თვალიაშვილი ამბობს, რომ დღეს საქართველოში დიეტას ქალების დაახლოებით 10%, კაცების კი 5% იცავს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში დიეტას 194 ათასი ქალი და 89 ათასი მამაკაცი მისდევს.

"ჩემთან მოდიან როგორც გასუქებულები, ასევე დიაბეტიანები. უბრალო ჭარბწონიანები დიეტას მაქსიმუმ 2 თვე იცავენ და შემდეგ თავს ანებებენ. დიეტით დაავადებულები კი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დადიან და იღებენ რჩევას. დიეტა კი მხოლოდ საკვების შეზღუდვა არ უნდა იყოს, სასურველი შედეგის მიღწევისთვის საჭიროა სწორი კვება და ფიზიკური დატვირთვა. თუ ეს ორი რამ ერთმანეთს არ ენაცვლება, შედეგი სასურველი ვერ იქნება", _ ამბობს თვალიაშვილი.

რაც შეეხება დიეტის ხარჯს, დიეტოლოგის თქმით, იმისათვის, რომ ადამიანი სურლფასოვან კვების რეჟიმში იყოს, თვეში დაახლოებით 200-250 ლარია საჭირო. ამას აუცილებლად უნდა დაემატოს სპეციალური მედიკამენტები (კალცი და ა. შ.), რაც ხარჯს, საშუალოდ, 50 ლარით ზრდის. თუკი ყველაფერს სპორტდარბაზში ვარჯიშსაც მივუმატებთ, გამოვა, რომ ერთ ადამიანს სასურველ ფორმაში მოყვანისთვის თვეში 350 ლარი სჭირდება.

"სიმსუქნე საქართველოში სერიოზული პრობლემაა. გარდა იმისა, რომ ქართველებს ჭამა უყვართ, არის ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც უამრავ პურს მიირთმევს. პურში კი ძალიან ბევრი კალორიაა და შესაბამისად, ადვილადაც სუქდებიან", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ნარგიზ თვალიაშვილმა.

კიდევ ერთი დიეტოლოგი შოთა ჯანჯღავა ამბობს, რომ დღეს საქართველოში თვითნებურად დიეტას ყოველი მესამე ქალი იცავს, სპეციალისტის მიერ შერჩეულს კი - ყოველი მეათე. რაც შეეხება მამაკაცებს, დიეტოლოგთან 15 მამაკაციდან ერთი მიდის, თვითნებურად დიეტას კი ყოველი მეათე მამაკაცი იცავს.

"დიეტის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენის დაკლება უნდა ადამიანს და რა პერიოდში სურს სასურველი შედეგის მიღწევა. უმეტეს შემთხვევაში სწრაფი კლება არ არის მიღებული და არც სწორია. როდესაც ფიზიოლოგიურ კლებაზეა საუბარი, აუცილებელია, რომ ადამიანმა თვეში 3 კილოგრამზე მეტი არ დაიკლოს, რათა ორგანიზმი არ გადავიყვანოთ ხელოვნურ შიმშილზე. ასეთ შემთხვევაში, როდესაც დიეტა დასრულდება, წონის "აკრეფა" სწრაფი იქნება და შეიძლება იმაზე მეტიც მოიმატოს ადამიანმა, ვიდრე დიეტის დაწყებამდე იყო. კარგი შედეგი მხოლოდ ხანგრძლივ პერიოდში მიიღწევა", - ამბობს შოთა ჯანჯღავა.

რაც შეეხება ხარჯს, ეს დამოკიდებულია როგორც ადამიანის ჯანმრთელობაზე, ასევე მის შემოსავალზე. `"დიეტოლოგები ამ ორ ფაქტორს ყოველთვის ვითვალისწინებთ და ასე ვნიშნავთ დიეტას. შეიძლება ითქვას, რომ დიეტა დღეში, საშუალოდ, 8-10 ლარი ჯდება", - განაცხადა ჯანჯღავამ.

მისივე თქმით, სიმსუქნე არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში პრობლემურია: "საქართველოში ჭარბი წონის ადამიანების რიცხვმა მთლიანი მოსახლეობის 30%-ს გადააჭარბა, რაც მიუთითებს იმას, რომ "შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2"-ის განვითარების რისკი არა მარტო მოზარდ თაობაში, არამედ ბავშვებშიც საკმაოდ მაღალია. ამიტომ დღეისათვის აქტიური მუშაობა უნდა მიმდინარეობდეს, რომ ჭარბი წონის პროფილაქტიკა მოვახდინოთ", - დასძინა შოთა ჯანჯღავამ.

ნატა გიორგაძე

გაზეთ "რეზონანსი"