"რუსეთის ახალი მეგობრობა თურქეთთან პრობლემად იქცევა, თუ რუსეთი გაზის ტრანზიტის საკითხში უკრაინას თურქეთით ჩაანაცვლებს"

რუსეთ-თურქეთის ერთობლივი განცხადებები გაზსადენ „თურქული ნაკადის“ მშენებლობის გეგმის განახლების შესახებ ევროკავშირში შეშფოთებას იწვევს.

როგორც სააგენტო „როიტერს“ ევროპელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, „რუსეთის ახალი მეგობრობა თურქეთთან შესაძლოა პრობლემად იქცეს, თუ რუსეთი გაზის ტრანზიტის საკითხში უკრაინას თურქეთით ჩაანაცვლებს“.

როგორც წყარომ აღნიშნა, ევროპელი დიპლომატების ნაწილი მიიჩნევს, რომ „თურქული ნაკადის“ მშენებლობა რუსეთის პოზიციებს გააძლიერებს და „გაზპრომზე“ დამოკიდებულებას გაზრდის.

მოსკოვი და ანკარა რუსეთ-თურქეთს შორის შავი ზღვის გავლით ახალი გაზსადენის მშენებლობაზე 2014 წლის დეკემბერში შეთანხმდნენ.

გასულ წელს, ორმხრივი ურთიერთობის გაუარესების შემდეგ პროექტის რეალიზაცია შეჩერდა.