Louis Vuitton-მა ამერიკული Donna Karan 650 მილიონად გაყიდა

ფრანგულმა უმსხვილესმა ჰოლდინგმა LVMH-მა( Louis Vuitton Moët Hennessy) კომპანია G-III Apparel-თან ხელშეკრულება გააფორმა.კონტრაქტი ითვალისწინებს ქალის ტანსაცმლის ბრენდის Donna Karan-ისა და მისი შვილობილი კომპანიის DKNY-ის 650 მილიონ დოლარად გაყიდვას. შეთანხმების დასრულება მიმდინარე წლის ბოლომდე ან მომავალი წლის დასაწყისამდეა დაგეგმილი.

1984 წელს დაარსებული ამერიკული კომპანია Donna Karan-ი ფრანგული ჰოლდინგის LVMH-ის შემადგენლობაში 2001 წელს შევიდა. ამ ხნის განმავლობაში LVMH-მა ბრენდის განვითარებაში 243 მილიონი დოლარი ჩადო, თუმცა გამოცემა Le Monde-ის ცნობით ბოლო ერთ წელიწადში Donna Karan-ის დეფიციტმა 30 მილიონი შეადგინა.

გასულ წელს კომპანიის შემოსავლებმა 350 მილიონი დოლარი შეადგინა. კომპანიის ახალი მესვეურები კი ამ მაჩვენებლის გასამმაგებას აპირებენ.

ცნობისათვის G-III Apparel არის ისეთი ცნობილი ბრენდების ლიცენზიის მფლობელი როგორიცაა Calvin Klein, Tommy Hilfiger, Karl Lagerfeld, Kenneth Cole, Cole Haan, Guess, Levi's, Dockers და სხვები. ამ ჩამონათვალს კი Donna Karan-იც შეუერთდება.

კოკა კვირკველია