ვინ უნდა დაგვიცვას შხამიანი საკვებისგან?

„მონიტორინგი ტარდება, მაგრამ მისი მასშტაბები არაადეკვატურად მცირეა“

შხამქიმიკატებსა და პესტიციდებს მოსავლის მოსაყვანად თითქმის ყველგან იყენებენ. პესტიციდები ქიმიური ნაერთებია, რომელსაც მცენარეთა მავნებლების და პარაზიტების წინააღმდეგ იყენებენ, თუმცა არასწორი შეწამვლა და უხარისხო პრეპარატები - ეს ის უმთავრესი მიზეზებია, რომელიც საკვებს მომწამვლელს ხდის. ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად საყვედურობენ ხელისუფლებას, რომ ქართული ბაზარი და ჩვენი მოსახლეობა ამ მხრივ სრულიად დაუცველია.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო საკვებში პესტიციდების რაოდენობას პერმანენტულად შეისწავლის. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ამ სააგენტოს წარმომადგენლებმა აცნობეს, გასულ წელს აღებული 180 ნიმუშიდან დარღვევა მხოლოდ 9-ში გამოვლინდა, მიმდინარე წელს გეგმურად განსაზღვრულია 65-70 ნიმუშის აღება. უკვე შეისწავლეს 17 ნიმუში, მაგრამ დარღვევა არცერთ მათგანში გამოვლენილა. გარდა ამისა, პესტიციდების 270-მდე სარეალიზაციო ობიექტიც შემოწმდება, რაც სურსათის უსაფრთხეობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე კახა სოხაძე აღნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში ისეთი საგანგაშო სიტუაცია არ არის, როგორც ზოგიერთები გვიხატავენ:

კახა სოხაძე: „ტერმინი „პესტიციდები“ ათასგვარ ქიმიურ საშუალებას აერთიანებს. პესტიციდები მრავალი სახეობისაა და არაერთ ქვეყანაში იწარმოება. ზოგიერთი მათგანის გამოყენება მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც აკრძალულია, რადგან მავნე ქიმიური ნაერთები გადადის მცენარეში, მერე - ნაყოფში და შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობა დააზიანოს. საერთოდ, პესტიციდების გამოყენება რეგულირებულია, განსაზღვრულია დოზები, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს პესტიციდების შეტანა ნიადაგში. ჩვენთან სურსათის შემოწმების სქემა ასეთია: ხილის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის ნიმუშები გადაეცემა ლაბორატორიას და სპეციალისტები სწავლობენ, შეესაბამება თუ არა ეს ნიმუშები დადგენილ ნორმებს. შარშან ჩვენმა სააგენტომ 180-მდე ნიმუში გამოიკვლია და იმ დასკვნამდე მივედით, რომ აღმოჩენილი დარღვევები საგანგაშო არ არის. ვინც ამტკიცებს, რომ ამ მხრივ საქართველოში ცუდი მდგომარეობაა, ობიექტური არგუმენტები უნდა ჰქონდეს, სად, რომელ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს ესა თუ ის პროდუქტი. ნებისმიერი სხვა ინფორმაცია მოსახლეობაში აჟიოტაჟის და სკეპტიციზმის დათესვას ისახავს მიზნად. ეს არ არის ობიექტური ინფორმაცია - ამის თქმის საფუძველს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებუული კვლევის შედეგები მაძლევს“.

კახა სოხაძის თქმით, პროგრამა, რომელიც საკვებ პროდუქტში პესტიციდების დონეს შეისწავლის, დღესაც მიმდინარეობს, ასევე მიმდინარეობს თვითონ პესტიციდების შემოწმებაც: „ცალკე დეპარტამენტი შეისწავლის შეესაბამება თუ არა პესტიციდების შემადგენლობა ეტიკეტზე მითითებული ნივთიერებებს და როგორია მათი ხარისხი. ასე რომ, პესტიციდების კონტროლიც რეგულარულად მიმდინარეობს“ - განაცხადა კახა სოხაძემ ჩვენთან საუბრის დროს.

შეფასებას, რომ ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში დამამშვიდებელი სიტუაციაა, არც ფერმერები ეთანხმებიან და არც არასამთავრობო ორგანიზაციები. აკაკი ღლონტი სწავლული აგრონომია, ამავე დროს ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტები მოჰყავს. მისი თქმით, ქართული ბაზარი სავსეა იმპორტირებული და ადგილობრივი პროდუქციით, რომლის ხარისხსაც არავინ ამოწმებს:

აკაკი ღლონტი: „ ჩემი აზრით, უფრო საფუძვლიანი კონტროლია საჭირო. როდესაც ბაზარზე კონტროლი იქნება, მავნე ნივთიერებებით მოყვანილი პროდუქტის გაყიდვას ვერავინ გაბედავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უარესად დაავადება ხალხი! თუ გნებავთ, გადით ჩვენს ბაზრებზე და ნახავთ, როდის ჩამოივლის კონტროლიორი: ყველაზე ადრე, დღის 1 საათზე, თითო ლარს აკრეფს და მიდის. არც ამოწმებს ვინ რა ხარისხის პროდუქციას ყიდის. ამას ჩემი გამოცდილების მიხედვით ვამბობ: ოთხი ტონა კივი მქონდა ჩამოტანილი დეზერტირების ბაზარში, ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი იყო, მაგრამ ის და შხამქიმიკატებით მოყვანილი ერთნაირად შეამოწმეს. ჩვენს სამომხმარებლო ბაზრებზე კონტროლი არ არის. შერჩევითი შემოწმება კი არ ამართლებს - ხომ შეიძლება ერთი ფერმერის მიერ მოწეული კივი, ან ვაშლი შხამიანი იყოს, მეორისა კი - სუფთა? სწორედ ამის ბრალია, რომ ქართულ ბაზარზე ბიოპროდუქციას და ქიმიური ნივთიერებებით მოწეულს ერთი ფასი აქვს.

თუ ასე გაგრძელდება, ბიოლოგიურად სუფთა ნაწარმს არავინ მოიყვანს, რადგან ინტერესი აღარ ექნება. სხვათა შორის, ერთ–ერთმა ჰიპერმარკეტმა გამოყო ადგილი ბიოპროდუქტებისთვის და ეს ძალიან კარგია. როცა ყველა ასე მოიქცევა, ჩვენც სტიმული მოგვეცემა, თორემ შხამი შხამია, თუ მცენარეს ახმობს, ადამიანის ორგანიზმს რაღას უზამს? დღეს მთელი მსოფლიო მიდის იქითკენ, რომ ადამიანები შხამებით არ გამოვკვებოთ, თურქეთში უკვე 30 ათასი ბიომეწარმეა, რომელიც შხამქიმიკატებს საერთოდ არ იყენებს. ვინც ჩვენს ბაზარზე არსებული სიტუაცია იცის, კატეგორიულად ვერ დაეთანხმება, რომ საქართველოში ამ მხრივ ყველაფერი წესრიგში გვაქვს“.

„სტრატეგიული კვლევების ცენტრის“ პროექტების ხელმძღვანელი ლია თოდუა კი მიიჩნევს, რომ კონტროლის მასშტაბები უნდა გაიზარდოს:

ლია თოდუა : „მიუხედავად იმისა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო მონიტორინგს ატარებს, ამ მონიტორინგის მასშტაბები არაადეკვატურად მცირეა. შარშან პესტიციდებზე მხოლოდ 180 ნიმუში შემოწმდა, ანუ რა უნდა ვიფიქროთ? - მთელ საქართველოში ორ დღეში ერთხელ შევამოწმოთ ერთი სინჯი და თუ ის შხამებით დაბინძურებული არ არის, ყველაფერი რიგზეა?! 180-დან 9 ხომ აღმოაჩინეს? - ამ მასშტაბისთვის ეს რაოდენობაც ბევრია. ან ეს 180 ნიმუში საიდან აიღეს? - მოკლედ, შეკითხვები ამ მონიტორინგის ირგვლივ არ ილევა. მით უმეტეს, თვითონ ფერმერები ამბობენ, რომ ძალიან ხშირად იყიდება ფალსიფიცრებული, ვადაგასული პესტიციდები და ისინი იძულებულნი არიან 4-5-ჯერ მეტი გამოიყენონ, ვიდრე ინსტრუქციით არის დაშვებული. რა თქმა უნდა, მერე ეს უხარისხო შხამქიმიკატები მცენარეებსა და სურსათშიც გადადის. ამიტომ, ამ სფეროს საფუძვლიან შემოწმებას გაცილებით დიდი მასშტაბი სჭირდება“.

ლია თოდუას თქმით, სურსათის ეროვნული სააგენტო ამ მასშტაბის შემოწმებას ვერ შეძლებს, რადგან ამას დიდძალი თანხა დასჭირდება:

ლია თოდუა: „მცირე მასშტაბები სწორედ ამით უნდა აიხსნას: მონიტორინგის მიზნით გამოყოფილი თანხა არის მცირე, კონტროლის მექანიზმი კი - ჩამოუყალიბებელი. სახელმწიფო ყველა წერტილს ყოველდღე ვერ შეამოწმებს, მაგრამ ბაზარი თვითონ უნდა ამოწმებდეს თავის თავს. ნებისმიერ ბაზარში ყოველდღე უნდა ელოდნენ, რომ მათთან მაკონტროლებელი შევა და შემოწმების შიში უნდა ჰქონდეთ. სხვანაირად კონტროლს აზრი ეკარგება. სახელმწიფო კი არ უნდა ამოწმებდეს - სახელმწიფომ უნდა მოსთხოვოს პასუხი ბაზრის მენეჯერს და ადმინისტრაციას, რომ რეგულარულად შეამოწმონ და არ დაუშვან საეჭვო ხარისხის პროდუქცია დახლებზე. სხვაგვარად ჩვენს მოსახლეობას ვერ დავიცავთ“.

ხათუნა ჩიგოგიძე