95 ეკომიგრანტ ოჯახს სასოფლო სამეურნეო მიწები და საცხოვრებელი სახლები საკუთრებაში გადაეცათ

95 ეკომიგრანტ ოჯახს სასოფლო სამეურნეო მიწები და საცხოვრებელი სახლები დაუკანონდათ.

როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შესაბამისი საკითხი მისმა უწყებამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გაიტანა.

მისი თქმით, ქონება პრაქტიკულად მთელ საქართველოშია განლაგებული. კერძოდ ესაა: წალკა, ნინოწმინდა, ლაგოდეხი, სიღნაღი, გურჯაანი, ახმეტა, ხონი, მარნეული და თეთრიწყარო.

მინისტრის განმარტებით, ქონება შეადგენს 2600 კვადრატულ მეტრ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას და 40-50კვ/მ შენობა-ნაგებობას.

„ეს ადამიანები აქ საკმაოდ დიდი ხანია ცხოვრობდნენ. მათი პრობლემა იყო მოუგვარებელი და ჩვენ მოგვეცა ამ პრობლემების მოგვარების შესაძლებლობა. ეს ქონება მათ შესაბამისად დაუსაკუთრდათ“, -განაცხადა ქუმსიშვილმა.