მაწვნის ნაყინი ტურისტებში პოპულარულია

,,მაწვნის სახლი ალავერდთან” წარმადობის გაზრდას და ლოჯისტიკური ქსელის გამართვას აპირებს.

როგორც ,,ბიზნესპრესნიუსს” მაწვნის სახლის მმართველმა, კოკა კანდელაკმა განუცხადა, პროდუქციის დედაქალაქში შემოტანა ახლო მომავალში იგეგმება.

,,მაწვნის სახლი ალავერდთან” მიმდინარე ტურისტულ სეზონს ახალი ინფრასტრუქტურით შეხვდა. მომხმარებელს წელს მაწვნისგან დამზადებული ნაყინი შესთავაზეს. როგორც კოკა კანდელაკი ამბობს, ამ პროდუქტმა ტურისტებში პოპულარობა უკვე მოიპოვა.

მისივე თქმით, მაისში მაწვნის სახლს ბევრი ტურისტი სტუმრობდა. როგორც კოკა კანდელაკი აღნიშნავს, მათ შორის უმრავლესობა რუსეთიდან იყო. ტურისტების პიკს ობიექტზე შემოდგომის პირველ თვეებში ელოდებიან.

,,ჩვენს მენიუს ძირითადი კერძი რა თქმა უნდა, მაწონია. მისგან დამზადებული სხვადასხვა კერძი როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ მომხმარებლებში დიდი მოწონებით სარგებლობს. სტუმრებს ასევე შეუძლიათ დააგემოვნონ სხვადასხვა სახის ჩირი და თუშური სამზარეულო - ხავიწი, კოტორი, გუდის ყველი.”-აღნიშნა კოკა კანდელაკმა.

ალავერდის მიმდებარე ტერიტორიაზე მაწვნის სახლი 2014 წლის შემოდგომაზე გაიხსნა. პროექტის განხორციელებისათვის მსოფლიო ბანკმა დაახლოებით 2 მილიონი ლარი გამოყო. ამჟამად ადგილზე ათი ადამიანია დასაქმებული.

წაიკითხეთ ინგლისური ვერსია

ქრისტინე გამთენაძე