ბაზარზე ძირითადად ეკოენომკლასის ბინები იყიდება

„გარეუბანში ბინები გაცილებით უფრო სწრაფი ტემპით იყიდება“

უძრავი ქონების ბაზარზე მყიდველთა აქტიურობა შეინიშნება. უძრავი ქონების სააგენტოებში აცხადებენ, რომ მათთვისაც მოულოდნელად, მოთხოვნა წინა თვესთან შედარებით ივლისში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

როგორც უძრავი ქონების სააგენტო kibe.ge-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ნელი გოგუაძე ,,ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნავს, მოთხოვნის ზრდა შეინიშნება როგორც ბინების, ისე კომერციული ფართების ყიდვასა თუ დაქირავებაზე. თუმცა, ნელი გოგუაძე განმარტავს, რომ ძირითადად ეკონომკლასის ბინები იყიდება. საშუალო ფართისა და ღირებულების უძრავი ქონების რეალიზაცია კი ძალიან ჭირს.

,,განსაკუთრებით რთულია საშუალო კატეგორიის ბინების გაყიდვა. მოთხოვნა ძირითადად ერთ ან ოროთახიან საცხოვრებელ ფართებზეა. ასევე ძვირადღირებული ბინებიც შედარებით უკეთ იყიდება.”-აღნიშნავს ნელი გოგუაძე.

მისივე ინფორმაციით, უძრავი ქონების სააგენტოები საცხოვრებელ ფართებზე მოთხოვნის ზრდას განსაკუთრებით აგვისტოს შუა რიცხვებიდან ელოდებიან.

,,ეს ზოგადი ტენდენციაა, სასწავლო წლის დაწყებამდე მომხმარებელი ყოველთვის აქტიურობს. ამ პერიოდში ყველაზე მეტად უძრავი ქონების დაქირავება სჭირდებათ.”-აღნიშნავს ნელი გოგუაძე.

მისივე განმარტებით, ყველაზე მოთხოვნადი უბანი საბურთალოა. თუმცა გაყიდვების რაოდენობა განსაკუთრებით მზარდი გარეუბნებშია. როგორც kibe.ge-ს დამფუძნებელი აცხადებს, ამის მიზეზი შედარებით დაბალი ფასი და მასიური დასახლებაა.

გარეუბნებში ახალაშენებულ კორპუსებში კვადრატული მეტრის ფასი ამ ეტაპზე 400-დან 580 დოლარამდე მერყეობს, დედაქალაქის ცენტრში კი 1 კვ/მ დაახლოებით 800 დოლარი ღირს. ჩვენ ვიკვლევთ ამ ბაზარს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარეუბანში ბინები გაცილებით უფრო სწრაფი ტემპით იყიდება.

Saqme.ge-ს რედაქტორი, ლელა არაბული კი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე უძრავი ქონების ბაზარზე განსაკუთრებულ ცვლილებები არ შეინიშნება. მისი თქმით, ფასები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მკვეთრად შემცირებულია. როგორც არაბული ამბობს, მომხმარებელი საიტზე განთავსებულ უძრავ ქონებაზე, ფასს ეტაპობრივად აკლებს.

,,ტენდენცია არის ასეთი. ვთქვათ, ბინა იყიდება 50 ათას დოლარად, ბოლო პერიოდის დაკვირვების შედეგად, ხშირად შეგვინიშნავს, რომ ბინის მფლობელი თანდათან აიაფებს მას. ჩემი აზრით, ეს მიუთითებს იმაზე, რომ მოთხოვნა შემცირებულია.

მისივე თქმით ფასების კლება მყისიერი არ არის, თუმცა საიტზე რამდენიმე კვირის მანძილზე განთავსებული ქონება ეტაპობრივად, ზოგჯერ რამდენიმე ათასი დიოლარითაც კი იაფდება.

ქრისტინე გამთენაძე