ცარიელ მინდორში დაწყებული ბიზნესი და ბანაკი, რომელიც 7 წელია ტურისტებს იზიდავს

თბილისიდან 180 კილომეტრის დაშორებით, ზღვის დონიდან 2300 მეტრ სიმაღლეზე, ბანაკი "ზეთა" 7 წელია ევროპელ თუ ქართველ სტუმრებს მასპინძლობს.

სტუმრებისთვის ალბათ რთული მისახვედრი არ არის, რა დიდი ენერგიის, შრომისა და მიზანდასახულობის ფასად "დაუჯდათ" ბანაკის დამფუძნებლებს "ზეთაში" არსებული კომფორტი. ალბათ სწორედ ამიტომ, ყველა სტუმარი "ზეთას" უამრავი დადებითი შთაბეჭდილებით ტოვებს. ერთი შეხედვით უტოპიური იდეის განხორციელებას, პროფესიით კინო-ტელე პროდიუსერი ანანო არაბული რამდენიმე წლის წინ შეუდგა:

"თავიდან რომ დავიწყეთ და ვთქვით, ადგილს ვყიდულობთო, სოფელში ყველას ეცინებოდა. ხომ არ გადაირიეთ, მანდ ვინ ამოვა, ფეხით ვინ ივლისო, რა და როგორ უნდა აიტანოთო... იმ პერიოდში სოფელი ფაქტობრივად, მკვდარი იყო. მოხუცების გარდა აღარავინ ცხოვრობდა. არდადეგებზე ბავშვები ადიოდნენ. სასაზღვრო სოფელია და მესაზღვრეები მუშაობდნენ პერიოდულად", - ამბობს ბანაკ "ზეთას" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.

ანანო არაბული AMBEBI.GE-ს ყაზბეგის რაიონის სოფელ ჯუთაში მდებარე ბანაკის ისტორიას უყვება.

რატომ ზეთა?

ჯუთა მამის მშობლიური სოფელია, პაპა და ბებო იქ ცხოვრობდნენ და ზაფხულობით ხშირად არდადეგებს იქ ვატარებდი. სტუდენტობის პერიოდში გამიჩნდა იდეა, ტურისტებისთვის რაიმე ტიპის გასაჩერებელი და საკვები ობიექტი გამეკეთებინა. ახლობელს გავუზიარე ჩემი იდეა, რომელიც ძველი ალპინისტია და გადავწყვიტეთ კემპინგის გაკეთება. სახელწოდება "ზეთა" ადგილიდან მოდის: სოფელში ჩვენს ადგილს ზეთა მეიდანი ანუ ზემო მოედანი ჰქვია. შევამოკლეთ და დავტოვეთ "ზეთა".

საწყისი კაპიტალი და პირველი სირთულეები

"საწყისი კაპიტალი იქიდან გამომდინარე, რომ ადგილმდებარეობა სრულიად მოწყვეტილი იყო ყველანაირ კომუნიკაციებს (დენი, წყალი, კანალიზაცია) იმ პერიოდისთვის ცოტა არ იყო. ის, დაახლოებით, 25 ათას ლარს შეადგენდა. ცარიელ მინდორში მივედით, მარტივი ღობე, კარვები, პაწაწუნა სამზარეულო, დუში და ტუალეტი მოვაწყეთ. სირთულეები პირველი დღიდან დღემდე გრძელდება.

ტრანსპორტისთვის მიუდგომელ ადგილას მშენებლობა, მომარაგება, საკმაოდ დიდ ხარჯებთან და სირთულეებთან არის დაკავშირებული, თუმცა მთელი ხიბლი უგზოობაშია. ასევე იმაში, რომ გამონაბოლქვი და მანქანის ხმა არ გაწუხებს. სოფლიდან ბანაკამდე კილომეტრნახევარია. სოფლამდე მიდის ტრანსპორტი. პროდუქტი მაგალითად, ცხენებით მარაგდება სოფლიდან. აღმართია, საკმაოდ რთული ასასვლელი.

წელს რესტორნისთვის და ბარისთვის შენობა ავაშენეთ. უზარმაზარი რკინის კონსტრუქციებით ნაგები შენობაა. ამ ყველაფრის ტრანსპორტირებაზე ძალიან ვიწვალეთ".

"ზეთას" სტუმრები

"გახსნიდან დღემდე ჩვენი ძირითადი სტუმრები ევროპის ქვეყნებიდან არიან. ქართველები შარშან და წელს ძალიან ბევრია. ძირითადად, თბილისიდან. სეზონი ივნისიდან იხსნება და ოქტომბრამდე გრძელდება. 27 კაცს შეუძლია ოთახებში განთავსება (კოტეჯებში), კარვებში - 30 კაცს. დაჯავშნა წინასწარ ხდება. 2009 წელს (პირველ წელს) 200 კაცი მივიღეთ. შარშან გვყავდა, დაახლოებით, 7 500 კაცი. წელსაც, წინა წელთან შედარებით 20%-ით არის მომატებული ჩვენთან დამსვენებლების რაოდენობა.

ქალი, ბიზნესი და წარმატება

"ძალიან რთულია, როცა ქალი ხარ, რაღაც აკეთო მთაში. ახლა შედარებით გამარტივდა. ქალი ბევრ დეტალს აქცევს ყურადღებას. დიდ შრომასთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი. თუმცა, კაცს და ქალს ვერ გამოვყოფდი, თუ ვინმეს რაღაც მიზანი აქვს, მას აუცილევბლად განახორციელებს. მთავარია შრომა. რაღაც თუ არ გამოგდის, კიდევ და კიდევ უნდა სცადო. არ უნდა გაჩერდე. ხელი არ უნდა ჩაიქნიო და რისი შანსიც გეძლევა, მაქსიმალურად გამოიყენო. მუდმივი მუშაობაა საჭირო. არ უნდა დაგეზაროს.

ჩვენ წელიწადში 4 თვე ვმუშაობთ (სეზონი 4 თვეს გრძელდება) მაგრამ, რეალურად, მთელი წელი ვშრომობთ. ეს ბიზნესი 23 წლის ასაკში დავიწყე. ბანაკი ძალიან ჩემია და ყველაფერი შემიძლია გავაკეთო, რომ ის კარგი იყოს. ენერგია არ მენანება "ზეთასთვის".

#წარმატებაგადამდებია

"საქართველოში ძალიან ბევრი მაღალი დონის სასტუმრო გაკეთდა ბოლო წლებში. თუმცა, ჩვენ პირველები ვართ, როგორც კემპინგი მთაში და ამ დარგში ჩვენი ადგილი განსხვავებულია. თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ერთობლივ პროექტში სიმბოლურად დავრეგისტრირდით (თიბისი ბანკის ბიზნესდაჯილდოება, რომელშიც ახალგაზრდა ბიზნესმენები რეგისტრირდებიან, ნოემბერში გამოავლენს გამარჯვებულს სხვადასხვა ნომინაციაში ბიზნესდაჯილდოვების მთავარი გზავნილია #წარმატებაგადამდებია და #გააზიარეწარმატება) ჩვენთვის მთავარია, მონაწილეობა მივიღოთ ამ პროექტში. შედეგებს დრო გვიჩვენებს."

ამჟამად, ბანაკ "ზეთაში" ბევრი სტუმარი ტკბება ჭაუხის მასივზე გადაშლილი ხედით, სუფთა ჰაერით, თავისუფლებით და იმ განსხვავებული სამყაროს ხიბლით, რომელიც ევროპელებს უკვე 7 წელია, საქართველოში, ბანაკ "ზეთაში" სტუმრობას "აიძულებს". "ზეთამ" სოფელი ჯუთა გამოაცოცხლა, ადგილობრივებს საკუთარი მცირე ბიზნესების დაწყების სტიმულიც მისცა, სამუშაო ადგილებიც შექმნა და დღესაც ვითარდება.

"იქ სრულიად სხვა სამყაროა. როცა მიდიხარ, სხვაგან ხვდები", - ამბობს ანანო არაბული და ჩვენც აღარ ვაყოვნებთ. "სხვაგან" უკვე უამრავ საინტერესო სტუმარს მასპინძლობენ და ელოდებიან.

მეტი ინფორმაციით ეწვიეთ "ზეთას" ფეისბუქის გვერდს

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE