"მხოლოდ ფინანსებზე ფოკუსირება არასწორია, რაც ფინანსების გარეშე შეიძლება მოგვარდეს, ჯერ იმას მივაქციოთ ყურადღება"

მხოლოდ ფინანსებზე ფოკუსირება არასწორია, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, მისი წინამორბედების მსგავსად, მოითხოვს თუ არა ლევან იზორიაც დაფინანსების გაზრდას, რაზეც მინისტრმა უპასუხა, რომ „ეს მისი აპრიორი არ იქნება“.

“არა მხოლოდ თავდაცვის, არამედ ნებისმიერი უწყების ხელმძღვანელი, ყოველთვის, იმისთვის, რომ გამოწვევებთან ადეკვატური იყოს უწყება, ითხოვს, რომ დაფინანსება იყოს გაზრდილი, თუმცა ეს არ იქნება ჩემი აპრიორი და პრობლემებთან გამკლავების დროს, ფოკუსირება მხოლოდ ფინანსებზე არასწორია“, - აღნიშნა იზორიამ.

მინისტრის თქმით, მისი მთავარი დაპირებაა, არსებული ფინანსები იყოს ოპტიმალურად გამოყენებული.

“თქვენ იცით, რომ წლების განმავლობაში იყო პრობლემები ჩაცმასთან, კვებასა და დისციპლინასთან დაკავშირებით. მოდით, ჯერ რაც ფინანსების გარეშე შეიძლება მოგვარდეს, ამას მივაქციოთ მაქსიმალური ყურადღება და იქ, სადაც ფინანსებია საჭირო, ამასაც ყოველთვის პრინციპულად დავაფიქსირებ. მთავრობისთვის და ამ უწყებისთვის პრიორიტეტი, ბუნებრივია, იქნება უსაფრთხოება, ჯარის კარგ პირობებში არსებობა და შესაძლებლობის შემთხვევაში მთავრობა ჯარს გვერდით დაუდგება“, - აღნიშნა იზორიამ.