პარალიმპიელები ზვიად გოგოჭური და მოცურავე ლია ჩაჩიბაია  რიოს ზაფხულის ოლიმპიადაზე იასპარეზებენ

ქართველი პარალიმპიელები ზვიად გოგოჭური და მოცურავე ლია ჩაჩიბაია რიოს 2016 წლის ზაფხულის პარალიმპიადაზე იასპარეზებენ.პარალიმპიელები პარალიმპიადაზე კომპანია BP – ის მხარდაჭერით გაემგზავრებიან. სპორტსმენებთან შეხვედრა თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, მერიის გაანთლების, სპორტისა და ახალგაზრულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ და კომპანია BP – ის დირექტორმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში, გია ღვალაძემ გამართეს.

როგორც   გია ღვალაძემ განაცხადა, კომპანია 2012 წლიდან უჭერს მხარს ეროვნულ პარალიმპიურ კომიტეტს და სპორტსმენების გამარჯვების იმედი აქვს: ”კომპანია BP მოხარულია, რომ საქართველოს პარალიმპიურ კომიტეტს 2012 წლიდან მხარს უჭერს. ეს არის შესაძლებლობა, მხარში დავუდგეთ სპორტსმენებს, რომლებიც ყოველგვარ შექებას იმსახურებენ და მისაბაძები არიან. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ე.წ. ელჩები წარმატებით გამოვლენ პარალიმპიადაზე. დარწმუნებული ვართ, ძიუდოისტი ოქროს მედალს ჩამოიტანს. ჩვენ ლონდონის პარალიმპიადაზეც მხარი დავუჭირეთ პარალიმპიურ კომიტეტს , რიოს პარალიმპიადაზეც მხარს ვუჭერთ და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე გავაგრძელებთ. კარგი იქნება, თუ სხვა ბიზნეს ორგანიზაციებიც შემოგვიერთდებიან და ყველა ერთობლივად შეუწყობს ხელს ამ მოძრაობას”, - განაცხადა გია ღვალაძემ.

თბილსის მერის, დავით ნარმანიას თქმით, დიდია მოლოდინი, რომ პარალიმპიელი სპორტსმენები ქვეყანას ღირსეულად წარადგენენ: „მნიშვნელოვანია, რომ პარალიმპიელები ჩვენ მიერ ახლახან დასრულებულ და კეთილმოწყობილ ცენტრში ემზადებიან. ჩვენი პარალიმპიელი სპორტსმენები დღე და ღამე ვარჯიშობენ იმისთვის, რომ ასახელონ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქალაქი და დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი შედეგიც ექნებათ. თითოეულ პარალიმპიელს ჩვენი და სპორტის სამინისტროს სპონსორების მაქსიმალური მხარდაჭერა აქვს, ამიტომ ყველანაირი პირობა არის შექმნილი იმისთვის, რომ სათანადოდ მოემზადონ და ჩვენი ქვეყანა პარალიმპიადაზე ღირსეულად წარადგინონ“ - აღნიშნა დავით ნარმანიამ სპორტსმენებთან შეხვედრისას.

თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრის სპორტული კომპლექსი 2015 წელს გაიხსნა. კომპლექსი საქართველოში ერთადერთი შშმ პირებზე სრულად ადაპტირებული პარასპორტული არენაა: ”კომპლექსში ფუნქციონირებს 18X38 ზომის სათამაშო სახეობების მოედანი, 525 კვ.მ საწვრთნელ-სარეაბილიტაციო დარბაზი, სპეციალური აუზი, ასევე სარეაბილიტაციო მიმართულების მქონე სატრენაჟორო თერაპიული კუთხე. ცენტრში არის ფსიქოლოგის, მანუალური თერაპიის და ორთოპედიული კაბინეტები. ამ ეტაპზე ააიპ „თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში“ საწვრთნელ-სარეაბილიტაციო პროცესში ჩართულია 100-ზე მეტი პარასპორტსმენი. ცენტრში ვითარდება 9 პარასპორტული სახეობა; ეტლით ფარიკაობა, პარამშვილდოსნობა, პარამკლავჭიდი, ამპუტანტთა ფეხბურთი, მაგიდის პარაჩოგბურთი, პარაჩოგბურთი, უსინათლოთა ფეხბურთი, ბოდიბილდინგი, ბოჩა”, - აცხადებენ თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში.