ივლისში ინფლაციის დონემ, წინა თვესთან შედარებით, 0,2% შეადგინა

2016 წლის ივლისში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 0,2%, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით (წლიური ინფლაციის დონე) 1,5% შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, 2010 წლის საშუალოსთან შედარებით სამომხმარებლო ფასების ინდექსი 15,7 პროცენტით გაიზარდა.

მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 1,3 პროცენტით, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,16 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების მატება დაფიქსირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა (7,0 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (3,4 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 1,3 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,09 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა ალკოჰოლური სასმელების ქვეჯგუფზე (1,9 პროცენტი); ფასების 0,4-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე, რაც -0,11 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე.

ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-12,7 პროცენტი) და ხილსა და ყურძენზე (-9,2 პროცენტი).

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 13,1 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,80 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების ზრდა დაფიქსირდა, როგორც თამბაქოს ნაწარმის (20,5 პროცენტი), ისე ალკოჰოლური სასმელების (7,1 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 6,1-პროცენტიანი მატება. შესაბამისად, აღნიშნული ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,51 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები ძირითადად გაიზარდა ელექტროენერგიის, აირისა და სათბობის სხვა სახეების ქვეჯგუფზე (9,2 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 4,1 პროცენტით, რამაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,40 პროცენტული პუნქტი შეიტანა. ფასების მატება დაფიქსირდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (8,7 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურების (2,0 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

ფასების 8,6-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ტრანსპორტის ჯგუფზე, რაც -1,04 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში. ფასები ძირითადად შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-14,2 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-12,0 პროცენტი).