„შრომის ინსპექციას“ საწარმოს უნებართვოდ შემოწმების და დაჯარიმებისა უფლებაც ექნება

„მთავრობა და შრომის ინსპექცია ხელშეკრულებების საკითში არ უნდა ჩაერიოს“.

მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, რომ „შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის შესახებ“ კანონი 2016 წლის ბოლოს მიიღოს. კანონპროექტის ინიციატორი ჯანდაცვის სამინისტროა, მასზე მუშაობა შარშან დაიწყო და ამ პროცესს დიდი კამათი და აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. კანონპროექტის მომხრეები ამტკიცებენ, რომ კანონის მიღების შემდეგ საწარმოები ვალდებულნი იქნებიან ზედმიწევნით დაიცვან თანამედროვე სტანდარტები და შრომის უსაფრთხოების წესები. მით უმეტეს, ევროკომისიის დასკვნის მიხედვით, ამ სფეროში საქართველო სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. სიტუაციის გასაუმჯობესებლად 2015 წლის ზაფხულში ახალი უწყება - შრომის ინსპექცია შეიქმნა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 4 მლნ ლარი გამოიყო, 2016 წელს კი, ამ მიზნით 4 025 000 ლარია გამოყოფილი. შრომის ინსპექცია უკვე ამოწმებს კომპანიებს, თუმცა ამ უწყებას ჯერ მხოლოდ რეკომენდაციების გაცემა შეუძლია. გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბოლოდან „შრომის ინსპექცია“ სრულყოფილად ამუშავდება, რაც ნიშნავს, რომ საწარმოს უნებართვოდ შემოწმების და დაჯარიმებისა უფლებაც ექნება. ამ პროცესს კრიტიკულად აფასებენ ბიზნესის წარმომადგენლები, მათ შორის არის ბიზნესგაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტი - მიხეილ კორძახია, რომელიც „ბიზნესპრესნიუსთან“ ამ თემაზე საუბრობს.

მიხეილ კორძახია:

ჩვენ მონაწილეობას ვიღებდით ამ სახელმწიფო პროგრამაში და მომავალშიც სიამოვნებით ჩავერთვებით, თუკი საქმე შრომის უსაფრთხოების საკითხებს შეეხება. ამ საკითხზე ჩვენ დღესაც ვთანამშრომლობთ და მიგვაჩნია, რომ მითითებები, რომელიც ზოგიერთ კომპანიას მისცეს, დადებითი შედეგის მომტანი იყო. თანამშრომლობას მომავალშიც ვაპირებდით, მაგრამ ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ სამინისტრო შრომითი ხელშეკრულებების და შრომითი უფლებების საკითხშიც აპირებს ჩარევას, რაზეც ჩვენ ვერ შევთანხმდებით. არ ვიცი რა შეიცვალა, მაგრამ ეს ცვლილება ჩვენთან შეთანხმებული არ არის. ამ საკითხში ჩვენი თანხმობა არა აქვთ და არც ექნებათ.

-რატომ?

-ჩვენი პოზიცია ასეთია: მთავრობა და შრომის ინსპექცია ხელშეკრულებების საკითში არ უნდა ჩაერიოს. ეს არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილება და მხოლოდ ორი მხარის გადასაწყვეტია. თუ ამ ურთიერთობაში ვინმე ჩაერევა, ყველაზე უფრო ნეგატიურ შედეგებს მივიღებთ, რადგან ეს წმინდა სამართლებრივი საკითხია, რომელშიც მხოლოდ სასამართლო ხელისუფლება უნდა ერეოდეს. ასეთ საკითხებში შეიძლება ჩაერიოს შრომითი მედიაცია, შრომითი არბიტრაჟი, მაგრამ კერძო სექტორში ჩინოვიკების უხეში ჩარევა ყოველთვის სავალალო შედეგით მთავრდება. ერთი წუთით წარმოიდგინეთ: რომელიღაც ჩინოვნიკმა კონკრეტულ საწარმოში უნდა გააკონტროლოს ის პირობები, რომლებიც შრომის კანონმდებლობით არის განსაზღვრული, მათ შორის ხელფასები და ფინანსური საკითხებიც. ჩვენ ვერაფრით დავთანხმდებით ასეთ მიდგომას, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არის უხეში ჩარევა კერძო ბიზნესში. სადავო საკითხები სასამართლო ხელისუფლების ხელში უნდა გადავიდეს, ეს არ არის ჩინოვნიკების კომპეტენცია. მე ამაში პოზიტივს საერთოდ ვერ ვხედავ, ნეგატიური კი - ბევრი რამ არის.

- კონრეტულად, რა მიგაჩნიათ ნეგატიურად?

-უპირველესად ის, რომ კერძო სექტორში გაუგონარი ჩარევა მოხდება, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც შრომის კანონმდებლობა ხარვეზიანია. როდესაც სასამართლო ხელისუფლებას უჭირს სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღება, ჩინოვნიკების დონეზე ეს უფრო გართულდება, რაც საწარმოებში სერიოზულ პრობლემებს შექმნის. მეორე ნეგატიური ასპექტია ის, რომ შესაძლოა კონტროლის მახინჯი სისტემა ჩამოყალიბდეს, მით უმეტეს, გვახსოვს, რომ ის ადრეც არსებობდა. მოკლედ, შეიძლება ძალიან ბევრი ნეგატიური მოვლენა მოხდეს, ვინაიდან ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული საკანონმდებლო ნორმები და ეს შეიძლება მანიპულირების საგანი გახდეს. და ბოლოს: კიდევ ერთი მაკონტროლებელი ორგანო კერძო სექტორში იქნება კიდევ ერთი შემაფერხებელი მუხრუჭი საინვესტიციო გარემოსთვის და საერთოდ, ბიზნესისთვის. ყველაზე მტკივნეული და გაუმართლებელი კი არის მიდგომა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მხოლოდ დამსაქმებელია პასუხისმგებელი - ჩემი აზრით, ეს ყოვლად დაუშვებელია. ასევე არ შეიძლება ერთნაირი მიდგომა კეთილსინდისიერი და არეკეთილსინდისიერი დამსაქმებლის მიმართ. სწორედ აქედან გამომდინარეობს ყველა ის სადავო საკითხი, რომელზეც ვერ ვთანხმდებით.

-თუმცა, კანონპროექტზე მუშაობა კიდევ შეიძლება, წლის ბოლომდე ხომ რამდენიმე თვეა დარჩენილი?

-კანონპროექტი უკვე დიდი ხანია მომზადებულია, მაგრამ ძირითად, პრინციპულ საკითხებში ვერ ვთანხმდებით და ამიტომაც არა აქვს მწვანე შუქი ბიზნესისგან. გააჩნია, მომავალში როგორ წარიმართება თანამშრომლობა. ჩვენ თანახმა ვართ, რომ დაინერგოს თანამედროვე სტანდარტები, რომ შრომის უსაფრთხოება იყოს დაცული, მაგრამ თუ შრომითი უფლებების და ხელშეკრულებების საკითხში ჩაერევიან, ამას ვერ დავეთანხმებით. ჩვენი ხედვა ასეთია: ეს სეგმენტი აღმასრულებელი ხელისუფლების ხელში არამც და არამც არ უნდა გადავიდეს. არა მარტო ხელშეკრულებები, ნებისმიერი სხვა პრობლემაც სასამართლო ხელისუფლების გადასაწყვეტია.

-არის საშიშროება, რომ შრომის ინსპექცია დამსჯელ ორგანოდ გადაიქცეს?

-რა თქმა უნდა, ამის საშიშროება არსებობს.

-როგორ ფიქრობთ, მიიღებენ კანონს ახლანდელი სახით?

-არ ვიცი, ეს დამოკიდებულია აღმასრულებელ ხელისუფლებაზე და მის გონიერებაზე. როგორც ვიცი, ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით დრო ჯერ კიდევ გვაქვს, რადგან კანონის მისაღებად მინიმუმ 4-წლიანი ვადაა განსაზღვრული, ამიტომ აჩქარება საჭირო არ არის. მე მგონი, კანონის მიღებამდე ყველა მხარის ინტერესები უნდა გაითვალისწინონ, მათ შორის, ბიზნესსექტორისა. ჩვენს ორგანიზაციას ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს ყველა მნიშვნელოვან ბიზნესგაერთიანებასთან და ეს თითოეული მათგანის თვალსაზრისია. კანონი პარლამენტში მაშინ უნდა შევიდეს, როდესაც მისი მთავარი პრინციპები ყველა მხარესთან იქნება შეთანხმებული. თუ ბიზნესსექტორთან შეუთანხმებელი იქნება, ეს ძალიან ცუდ შედეგებს მოიტანს.

ხათუნა ჩიგოგიძე