"იმელის" შენობის 80-წლიანი ისტორია: ლენინის ინსტიტუტიდან 7-ვარსკვლავიან სასტუმრომდე

საინტერესო ისტორიები აქვთ შენობებს. ისევე როგორც ადამიანები, ისინიც იცვლიან ფორმას, სტილს, მიზანს, მიმართულებას და ასე ხდება მათი მეტამორფოზაც.ამ თემისკენ თბილისში ორი დღის წინ გახსნილმა 7-ვარსკვლავიანმა სასტუმრომ მიბიძგა, რომელიც რუსთაველის გამზირზე, ე.წ. იმელის შენობაში განთავსდა...

ახლა უკვე ყოფილი "იმელის შენობა" 1938 წელს არქიტექტორ ალექსეი შჩუსევის პროექტით, სოციალისტური კლასიციზმის სტილში აიგო, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ ეპოქის მოთხოვნები სრულად გაიზიარა.

შენობაში თავიდან მარქს-ენგელს-ლენინის ინსტიტუტის თბილისის ფილიალი განთავსდა. აბრევიატურა "იმელ" რუსული ენიდან მოდის და "Институт Маркса, Енгельса, Ленина"-ს ნიშნავს. მოგვიანებით სტალინის სახელიც მიემატა და "იმელს" დაერქვა, მერე კი სტალინი და ენგელსი ჩამოშორდა და მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის სახელით მოიხსენიებოდა.

წლების მანძილზე შენობა იცვლიდა მფლობელებს, ბინადრებსა და საერთოდ, ფუნქციას. 1992-1995 წლებში იქ საქართველოს პარლამენტი განთავსდა, 1995 წლიდან კი - შენობაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მოქმედებდა, ხოლო 2007 წლიდან შენობა პრივატიზებულია.

ისტორიული წყაროების მიხედვით, 1933 წელს საქართველოს კომუნიტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის, ლავრენტი ბერიას მიერ "მარქს-ენგელს-ლენინის ინსტიტუტის თბილისის ფილიალის" შენობის პროექტზე დახურული კონკურსი ჩატარდა, რომელშიც არქიტექტორები: ფომინი, კოკორინი, სევეროვი, კალაშნიკოვი, ვლასოვი და შჩუსევი ჩართვნენ. გაიმარჯვა შჩუსევის პროექტმა.

მშენებლობა 1934 დან 1938 წლამდე გაგრძელდა და 14 მილიონი მანეთი დაჯდა. შენობის საერთო ფართი 75 ათას კვ-ს შეადგენდა. საინტერესოა, რომ "იმელის შენობის" ახალ იერსახეში - The Biltmore Hotel Tbilisi-ს მშენებლობაში 140-მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო.

bpnმთავარი ფასადი სტალინის ეპოქის არქიტექტურის სახასიათო ნიმუშია. შენობის ექსტერიერები და ინტერიერები ძველი ქართული არქიტექტურული ელემენტებით შეიმკო. ზედაპირები ქართული მარმარილოთი და ბოლნისის ტუფით მოპირკეთდა. კავკასიაში პირველი საზოგადოებრივი ნაგებობა იყო, სადაც იმ დროისთვის ახალი სამშენებლო მასალა გამოიყენეს - არმირებული პემზობეტონი, რითაც მშენებლებმა ადგილობრივი დეფიციტური მასალა - აგური და ცემენტი ჩაანაცვლეს.

XX საუკუნის 50-იან წლებში ქართველი არქიტექტორი ჩხიკვაძე, ამ

Advertisement

ნაგებობის შესახებ წერდა: "თბილისის პირობებში არქიტექტორი ყოველთვის იძულებულია, გაითვალისწინოს ხედი, რომელიც მის შენობაზე იშლება როგორც მთაწმინდიდან, ასევე მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებიდან. ამასთან დაკავშირებით, განსაკუთრებული ყურადღებით არის შესამუშავებელი სახურავების სისტემა და შენობის მთლიანი მოცულობის კომპოზიცია" (საინტერესოა, რას იტყოდა არქიტექტორი ჩხიკვაძე ახალაშენებული ცათამბჯენის "კომპოზიციურობაზე").

1992-1995 წლებში იმელის შენობაში მომუშავე საქართველოს პარლამენტმა დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუცია მიიღო.

შენობა 1997 წელს კულტურის მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანეს, მაგრამ იმავე წელს, ამ სიიდან ამოიღეს და კომპანია "კაპიტალ ინვესტზე" გაიყიდა. პარტიული არქივის ძირითადი ნაწილი შსს-ს გადაეცა, ბიბლიოთეკის ნაწილი - ეროვნულ ბიბლიოთეკას, ნაწილი - დაიკარგა, ნაწილი კი დაზიანდა. პროექტი, რომელიც სასტუმრო "კემპინსკისთვის" რობ კრიერისა და ქრისტოფ კოლის მიერ იყო გაკეთებული, იმელის შენობის მხოლოდ მთავარი ფასადის შენარჩუნებას ითვალისწინებდა და ისტორიულ ღირებულებას ყურადღება არ ექცეოდა.

შენობის ნგრევა იმავე წელს დაიწყეს, თუმცა მშენებლობა არ დაწყებულა. სახურავგადახდილმა, გაძარცვულმა და ნახევრად დანგრეულმა შენობამ 2008 წელს ახალი მფლობელის, "დაბი ჯგუფის" ხელში გადაინაცვლა. 2011 წელს ქალაქის მერიამ "მილენიუმის" ჯგუფის სასტუმროს ასაშენებლად უფლება გასცა, რომელიც 34-სართულიან ცათამბრჯენს წარმოადგენს. მისი გრანდიოზული პრეზენტაცია ორი დღის წინ შედგა.

მოკლედ, ლენინის მუზეუმიდან 7-ვარსკვლავიან სასტუმრომდე, - ასეთია "იმელის" შენობის 80-წლიანი გზა.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE