ლეჩხუმისა და სვანეთის მაღალმთიან სოფლებში სხვადასხვა კულტურის ჯიშთა გამოცდა მიმდინარეობს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში ერთწლოვანი კულტურების (ქერი,სიმინდი, სოია, კარტოფილი და სხვ) ადგილობრივ და ინტროდუცირებულ ჯიშებზე სტაციონალურ ცდებს ატარებს.

აღნიშნულ სოფლებში  არსებული ჯიშთა გამოცდის და საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთები სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ, ნიადაგის ნაყოფიერების სამსახურის უფროსთან, ზაურ ჩანქსელიანთან ერთად დაათვალიერა.

სვანეთში ქერის კულტურა უძველესი დროიდანაა გავრცელებული. აღსანიშნავია, რომ სვანეთში ქერი მოკლე სავეგეტაციო პერიოდით ხასიათდება, რაც მეტად მნიშვნელოვანია. მოკლე სავეგეტაციო პერიოდით ხასიათდება სიმინდის ადგილობრივი ჯიშიც, ე.წ. „შვიდკვირიანი“, რომელიც სვანეთის ნიადაგურ-კლიმატურ პირობებში მარცვლის მაღალ და ხარისხიან მოსავალს იძლევა. სვანეთის მაღალმთიანი რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესია კარტოფილის კულტურის მოყვანაც. ამიტომ, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფაყვის ბაზაზე, ორი ადგილობრივი და ხუთი სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილი კარტოფილის ჯიშის შესწავლა, ტექნოლოგიური სქემების სრული დაცვით მიმდინარეობს.

ნიადაგის შესწავლის მიზნით, კომპლექსურ სამუშაოებს აწარმოებს ამავე ცენტრის ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახური. მიმდინარე წლის შემოდგომიდან ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მიზნით, არსებულ საცდელ ნაკვეთებზე რეგიონისათვის ადაპტირებული მრავალწლოვანი ხეხილოვანი კულტურების ადგილობრივი და უცხოური ჯიშების გაშენება იგეგმება.