ბორჯომის მუნიციპალიტეტში ტურისტული ზონებიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ სერიოზული პრობლემები შექმნა.როგორც  ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა განაცხადა , შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელსაც გუბერნატორი ხელმძღვანელობს. სტიქიამ დააზიანა საცხოვრებელი სახლები და ისტორიული პარკი. შეწყვეტილია ელექტროენერგიის მიწოდება. ტურისტული ზონებიდან განხორციელდა ხალხის ევაკუაციაც.

”უხვი ნალექი მოვიდა ბორჯომის რაიონში და თვითონ ქალაქში. შექმნილია შტაბი, რომელსაც გუბერნატორი ხელმძღვანელობს. ყველა ტექნიკა გამოყვანილია, როგორც საგზაო, ისე ადგილობრივი. ასევე ახალციხიდან მობილიზებულია რამდენიმე ერთეული ტექნიკა და სამაშველო სამსახური. ამ ეტაპზე ცენტრალური მაგისტრალი გახსნილია. ქალაქ ბორჯომში სანიაღვრეებმა მთლიანად გაატარა წყალი და მიმდინარეობს დასუფთავების სამუშაოები. სერიოზული დაზიანებებია ისტორიულ პარკში, თუმცა დამსვენებლების ევაკუაცია დროულად მოხერხდა. ასევე მძიმე მდგომარეობა იყო გოგირდის აბანოებზე, სადაც რამდენიმე ათეული დამსვენებელი იმყოფებოდა და ამ ადგილიდან ჩვენი პოლიციის ძალიან დიდი ძალისხმევით ხდება ხალხის გამოყვანა. მობილიზებულია სამაშველო სამსახური, სახანძრო, საპატრულო პოლიცია. ასევე, სიტუაცია პრობლემატურია სადგურის მიმართულებით, სადაც რამდენიმე ხეა მოტეხილი და იქაც სატყეო დეპარტამენტი და პოლიცია აქტიურად მუშაობს. წაღვერშიც იყო დიდი სტიქია და იქაც 4 ერთეული ტექნიკა მუშაობს და მიმდინარეობს გზის გაწმენდა. ვიმედოვნებთ, რომ წაღვერის მაგისტრალი, რომელიც უკავშირდება ბაკურიანს, ძალიან მალე გაიხსნება”, - განაცხადა ყიფიანმა.

მისივე თთქმით, სეტყვა დაახლოებით 25-30 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. ”სეტყვა ძლიერ ნალექთან ერთად დაახლოებით 25-30 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. ელექტროენერგია ქალაქსა და სოფლებში არ არის და გვპირდებიან, რომ ეტაპობრივად აღდგება. ყველა სამსახური მობილიზებულია”, - აღნიშნა ყიფიანმა.