სათამაშოების ბიზნესი ქართულად

ქართულ ბაზარზე სათამაშოების ძირითადი ნაწილი ჩინეთიდან არის იმპორტირებული.

ქვეყანაში ამ კუთხით არსებული მთავარი პრობლემა არა მხოლოდ სათამაშოების ხარისხი და მისი ფასთან შეუსაბამისობაა, არამედ მათი უსაფრთხოების სტანდარტიც. ამერიკული და ევროპული ლაბორატორიების მიერ დადასტურებულია, რომ სათამაშოების დიდ ნაწილში ტყვიის შემცველობა დასაშვებ ნორმას აღემატება. ამ მხრივ საქართველოში ძალიან სუსტი კონტროლის მექანიზმები არსებობს და მშობელმა თავად უნდა მოხერხოს სწორი არჩევანის გაკეთება.

სწორედ ბაზარზე არსებული პროდუქციის დაბალმა ხარისხმა და საკუთარი შვილებისთვის უსაფრთხო სათამაშოების ძიებამ გადააწყვეტინა ნიაზ ძიაპშიპას ახალი საქმის დაწყება. ხარისხიანი, სერთიფიცირებული სათამაშოების ევროპული ინტერნეტსაიტებიდან გამოწერა ხშირად უწევდა. საბოლოოდ კი ამ ბიზნესში ჩართვის იდეაც გაჩნდა. სათამაშოების ბრენდი ,,დიმარი“ ქართულ ბაზარს ხარისხიან და ევროპაში სერთიფიცირებულ პროდუქციას სთავაზობს. მისი დამფუძნებელი ფიქრობს რომ, მან შეძლო არსებული მოთხოვნებისთვის ზუსტად ეპასუხა. დღეს ნიაზ ძიაპშიპა საკუთარი წარმატების სხვებისთვის გაზიარებას ცდილობს. ამბობს, რომ წარმატება გადამდებია, სწორედ ამიტომ ამავე სახელწოდების, ,,თიბისი ბანკისა“ და ჯეოსელის ერთობლივ პროექტში დიდი ენთუზიაზმით ჩაერთო. ,,თიბისი ბანკის“ ბიზნესდაჯილდოება, რომელშიც მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები რეგისტრირდებიან, სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულს ნოემბერში გამოავლენს.

ნიაზ ძიაპშიპა: ,,დიმარი“ ქართულ ბაზარზე სამი წლის წინ გამოჩნდა. მას შემდეგ, რაც ჩვენ შევისწავლეთ რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში ამ კუთხით არსებული სიტუაცია, დავამყარეთ პირდაპირი კონტაქტები ერთ-ერთ გერმანულ ბრენდთან, ,,დიმარი“ გახდა გერმანული კომპანიის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში. ძალიან მალე კი სომხეთსა და აზერბაიჯანშიც გვექნება ჩვენი წარმომადგენლობა.

- რა სახის პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს და რით არის გამორჩეული ,,დიმარის“ სათამაშოები?

- მომხმარებეს ჩვენ ვთავაზობთ გერმანიაში წარმოებულ ხის, სხვადასხვა უნარების განმავითარებელ სათამაშოებს. ჩვენი პროდუქციის მთავარი უპირატესობა ხარისხია. სათამაშოები ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან მზადდება, გამოყენებული საღებავებიც ნატურალური და ბავშვებისათვის უსაფრთხოა. ყველა სათამაშოს მოჰყვება შესაბამისი სერთიფიკატი. ეს პროდუქცია ევროკავშირის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.

- რა ასაკის ბავშვებზეა გათვლილი პროდუქცია?

- ძირითადად ჩვენი პროდუქცია სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი და ისინი ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით შეგვიძლია დავყოთ. ეს სათამაშოები ხელს უწყობს სხვადასხვა უნარ-ჩვევის განვითარებას. ძირითადად საბავშვო ბაღებთან ვთანამშრომლობთ. ამჟამად თბილისისა და რუსთავის 130-მდე საჯარო და 15-მდე კერძო ბაღშია ჩვენი პროდუქცია წარმოდგენილი.

- რამდენად ხელმისაწვდომია პროდუქციის ღირებულება?

- სათამაშოს ღირებულება 25 ლარიდან იწყება. ჩვენი პროდუქცია საშუალო შემოსავლიანი მომხმარებლისთვისაა გათვლილი. აქცენტი სწორედ ხარისხსა და მისაღებ ფასზე გვაქვს გაკეთებული. ეს არის ის ნიშა, რომელიც საქართველოში აუთვისებელი იყო. ხარისხიანი სათამაშოები, მისი მაღალი ფასის გამო, ბევრი ადამიანისთვის ხელმიუწვდომელი რჩებოდა.

- რამდენი იყო საწყისი ინვესტიცია, რომელიც ბიზნესიის დაწყებისთვის განახორციელეთ?

- ეს არ იყო დიდი თანხა. ჩვენ გვქონდა საწყისი კაპიტალი, დაახლოებით 15 ათასი ლარი. თუმცა მოგების ძირითად ნაწილს ისევ საქმეში ვდებდით და დღეისათვის მოვახერხეთ ის, რომ ჩვენი საბრუნავი თანხა გაცილებით მაღალია, შემოსავალი კი მზარდი.

- ანუ, მცირე კაპიტალითაც შესაძლებელია წარმატებული ბიზნესის დაწყება საქართველოში?

- შესაძლებელი ყველაფერია. მთავარია მონდომება, სურვილი, მოტივაცია. დასახულ მიზანს არ უნდა გადაუხვიო. მცირე წინააღმდეგობები ყველგან შეიძლება შეგხვდეს, მაგრამ ამან არ უნდა შეგაშინოს. თუ მარტივად დანებდი, წარმატებას ვერ მიაღწევ. როცა ვიწყებდი ახალ საქმეს, 28 წლის ვიყავი. ამ დროს უკვე ორი შვილი მყავდა და ერთ-ერთი ბრენდული სასტუმროს ფინანსურ განყოფილებაში ეკონომისტად ვმუშაობდი. პირველი ორი წელი, მუშაობის პარარელურად მიწევდა საკუთარი ბიზნენის კეთება, რადგან სამსახურისთვის თავის დანებების ფუფუნება ნამდვილად არ მქონდა. ჯერ ერთი წელიც არაა, რაც მთლიანად ბიზნესზე გადავერთე.

- თქვენს სამომავლო გეგმებზე მოგვიყევით?

- პირველ რიგში,ონლაინ-მაღაზიის პარარელურად, ვაპირებთ გავხსნათ ,,დიმარის“ საცალო მაღაზია, სადაც მომხმარებლისთვის ხარისხიანი სათამაშოები ხელმისაწვდომ ფასად იქნება შეთავაზებული. ეს შემდეგი წლის გეგმაშია. გვინდა, ჩვენი ბრენდი განვავითაროთ და რაც შეიძლება მეტი ბავშვისთვის გავხადოთ ხელმისაწვდომი ხარისხიანი, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო სათამაშოები. ასევე ახალი გერმანული კომპანიების შემოყვანას და მათთან თანამშრომლობას ვაპირებთ. ამ ეტაპზე შესაბამისი მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

https://www.facebook.com/mdtoysshop

https://www.facebook.com/businessawardgeorgia/?fref=ts

http://businessaward.ge/

ქრისტინე გამთენაძე