დიდი კრიზისი და თაღლითობა სავაჭრო ქსელებში

უბნის მაღაზიების შემდეგ, ფინანსური პრობლემები უმსხვილეს სუპერმარკეტებსაც შეექმნათ.

სადისტრიბუციო კომპანიებში ამბობენ, რომ მათი უმრავლესობა მიწოდებული პროდუქციის საფასურს ვერ იხდის, რაც დისტრიბუტორებს გაკოტრების საფრთხის წინაშე აყენებს. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ზოგიერთმა სასამართლოსაც მიაშურა, პროცესი მოიგო, თუმცა იმის გამო, რომ მაღაზიამ თავი გაკოტრებულად გამოაცხადა და მის მფლობელ შპს-ზე ქონება არ ირიცხებოდა, ფულის დაბრუნება ვერ მოახერხეს.

დედაქალაქში დღეს დაახლოებით 12-ზე მეტი სუპერმარკეტების ქსელი მოქმედებს, რაც 1,2 მილიონიანი ქალაქისთვის არაბუნებრივად ბევრია და დროთა განმავლობაში მათი განვითარების პრობლემა აუცილებლად გაჩნდება. კრიზისი კი უკვე დაწყებულია - სუპერმარკეტებს სადისტრიბუციო კომპანიებისთვის თანხის მიცემა ძალიან უჭირთ. სავაჭრო ობიექტები ფულის გადახდას რამდენიმე კვირით, ზოგჯერ კი თვეობით აგვიანებენ.

ასეთი მიდგომის გამო, შესაძლოა, "კარფური" ვისკის და თამბაქოს ცნობილი ბრენდების გარეშე დარჩეს, ორ უმსხვილეს კომპანიეს შორის თანამშრომლობა ჩაშლის პირასაა. ალკოჰოლური სასმელების უმსხვილესმა დისტრიბუტორმა "ჯიდი ალკო" ჰიპერმარკეტთან კონტრაქტის გაწყვეტას და საკუთარი პროდუქციის სავაჭრო ქსელიდან ამოღებასაც აპირებს. როგორც "კომერსანტისთვის" გახდა ცნობილი, პრობლემა "ჯიდი ალკოს" მიერ "კარფურიდან" თანხის ამოღებას უკავშირდება.

საინტერესოა, დარჩება თუ არა "კარფური" "ჯიდი ალკოს" ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბრენდის "ფილიპ მორისის" წარმოებული თამბაქოს გარეშეც, რადგან საქართველოში მათი ექსკლუზიური იმპორტიორი "ჯიდი ჯგუფია".

"კომერსანტი" შეეცადა დაკავშირებოდა "კარფურსაც", თუმცა ჰიპერმარკეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განგვიცხადეს, რომ პასუხისმგებელი პირები არ იმყოფებიან ადგილზე, ამიტომ დასმულ შეკითხვებზე პასუხი არ არსებობს.

აღსანიშნავია, რომ "კარფურთან" პრობლემა სხვა საშუალო და მცირე სადისტრიბუციო კომპანიებსაც აქვთ. როგორც "რეზონანსს" ერთ-ერთ კომპანიაში უთხრეს, (მათ კონფიდენციალურობის დაცვა გვთხოვეს) "კარფურიდან" თანხის ამოღებას თვეების განმავლობაში ცდილობდა. მისი თქმით, დიდ კომპანიებს პრობლემებს ნაკლებად უქმნიან, მცირეს და საშუალოს კი ჩაგრავენ.

სადისტრიბუციო კომპანია "გრანდის" დამფუძნებელი და სადისტრიბუციო კომპანიების ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია ამბობს, "კარფურთან" მას პრეტენზია არ აქვს, თუმცა სავაჭრო ობიექტებიდან თანხის ამოღება თითქმის გადაულახავ პრობლემად იქცა. ჭყონიას თქმით, სუპერმარკეტებსა და მიმწოდებლებს შორის თანხის გადახდის გაჭიანურება ახლა არ დაწყებულა. პრობლემამ თავი განსაკუთრებით მას შემდეგ იჩინა, რაც სავაჭრო ქსელებმა გამსხვილება დაიწყეს. საქართველოში როცა ფართოვდებიან, არ შესწევთ იმის უნარი, რომ ეს თავად დააფინანსონ, ამიტომ საკუთარი სახსრებით ქსელს, ალბათ, 20% თუ აფართოვებს.

"ერთ-ერთი ყველაზე რთული სიტუაცია ვისთანაც მაქვს, ეს არის "ფურშეტი", რომელთანაც დავა მიდიოდა დაახლოებით 7 თვის განმავლობაში და ამ პერიოდის შემდეგ მოვახერხე ჩემი კუთვნილი თანხის ამოღება.

ანალოგიური პრობლემის წინაშე ვართ სხვა სუპერმარკეტებთან მიმართებაშიც. ერთ-ერთმა თანხის გადახდას თავი აარიდა და ბოლო მომენტში, როდესაც სასამართლოში სარჩელის შეტანას ვაპირებდი, მაშინ გამოაცხადეს, რომ ქმნიან ახალ კომპანიას, რომელზეც ეს ვალები გადავა და მომავალში ამ ვალებს გაისტუმრებს. მე ეს თაღლითური სქემის ნაწილი მგონია, თუმცა სხვა გზა არ გვქონდა და თავდებად რომელი კომპანიაც დაუდგა, იძულებული ვიყავით, იმასთან ხელშეკრულება გაგვეფორმებინა. თუ სექტემბერ-ოქტომბერში არ დაიწყებენ გადახდას, შემდეგ შესაბამის საგამოძიებო უწყებებს მივმართავთ, რომ აღნიშნული ფაქტების გამოძიება მოხდეს, რათა მას მასობრივი ხასიათი არ მიეცეს", - განუცხადა `რეზონანსს~ ივა ჭყონიამ.

რატომ ვერ იხდიდა "ფურშეტი" "გრანდის" დავალიანებას, ამასთან დაკავშირებით "რეზონანსი" პასუხის მისაღებად თავად `ფურშეტს~ დაუკავშირდა. მთელი დღის ლოდინის შემდეგ, კომპანიაში გვითხრეს, რომ ხელმძღვანელობა ადგილზე არ იყო და პასუხს სხვა დროს მოგვეწრდნენ.

სუპერმარკეტებიდან თანხის მიღებაზე პრობლემა ჰქონდა ინდმეწარმე ბაგრატ მეზურნიშვილსაც. იგი მაღაზიებს პროდუქციით 8 წელზე მეტ ხანს ამარაგებდა, თუმცა შემდეგ უკვე შეწყვიტა.

"ისინი ფულის მოცემას არ აპირებდნენ. ჩემი აზრით, თაღლითური სქემით მუშაობდნენ და დღესაც ასე აგრძელებენ საქმიანობას. მაგალითად, იდებენ დიდ ვალს, შემდეგ კი თავიანთი ჩუმად შექმნილი კომპანიების მეშვეობით აყადაღებენ მაღაზიებს, რათა მიმწოდებლები ვიყოთ მე-6 რიგში.

ძირითადი მიზეზი კი, რის გამოც შევწყვიტე პროდუქციის სუპერმარკეტებისთვის მიწოდება, არის ის, რომ თანხას არ იხდიდნენ. რამდენიმე სუპერმარკეტთან ახლაც სასამართლო პროცესი მაქვს", - განუცხადა "რეზონანსს" ბაგრატ მეზურნიშვილმა და დასძინა, რომ ეს პრობლემა ახლა არ დაწყებულა:

"როცა დავინახე, თუ რა სქემით მუშაობდნენ სუპერმარკეტები, რომ თაღლითურ გეგმებს ახორციელებდნენ და კანონში არსებულ ხვრელებს კარგად იყენებდნენ, მივმართე მთავრობას, მაგრამ ვერავითარ შედეგს ვერ მივაღწიეთ. ჩვენ მხოლოდ ერთი რამ გვინდა, რომ კანონმდებლობამ მოგვიგვაროს ეს პრობლემა", - ამბობს მეზურნიშვილი.

სუპერმარკეტებიდან ფულის ამოღების პრობლემა სხვა კომპანიებსაც აქვთ და ამაზე "რეზონანსი" ადრე უკვე წერდა. ივა ჭყონია ამბობს, რომ პრობლემის მთავარი მიზეზი მათი სიმართლეა, მოთხოვნა-მიწოდებას შორის დისბალანსი: "თანაც იმდენად სწრაფად მოუწიათ სუპერმარკეტებს გაფართოება, ერთმანეთს ადგილებსაც კი ართმევდნენ, რომ ამ დროს რაღაც-რაღაც შეცდომები გაიპარა. სადისტრიბუციო კომპანიებმაც ვერ გამოვიჩინეთ ყურადღება და მათაც დაუშვეს რაღაც შეცდომები.

არიან კომპანიები, რომლებიც ჩვენი კუთვნილი ფულით სხვა ბიზნესს აფართოებენ. ამას აუცილებლად ყურადღებას მივაქცევთ და შესაბამის ორგანოებს ჩავაყენებთ საქმის კურსში, რათა ასეთი რამ დაუშვებელი იყოს. ჩვენი თანხით არ უნდა ხდებოდეს სხვა პროექტების დაფინანსება. ამით პრობლემა ჩვენ გვექმნება და კეთილსინდისიერ გადამხდელებსაც", _ დასძინა ივა ჭყონიამ.

ბაგრატ მეზურნიშვილი პრობლემის სათავეს კანონმდებლობაში ხედავს: "ერთმა კომპანიამ დაახლოებით 22 მლნ ლარის დავალიანება `აიკიდა~, მერე თავი გამოაცხადა გაკოტრებულად და გვითხრა, ახლა მიჩივლეთო. ჩვენც ვიჩივლეთ, მაგრამ კომპანია დარეგისტრირებული იყო სხვაზე და მას წინასწარ დაყადაღებული ჰქონდა ქონება. ჩვენ ამ შემთხვევაში ვერაფერი მივიღეთ.

კანონმდებლობის პრობლემაა, რომ დღეს სადისტრიბუციო კომპანიებს სუპერმარკეტების დიდი ნაწილი ფულს არ უხდის, მერე კი გაკოტრებულად აცხადებენ თავს. მათ არავითარი ვალდებულება არ გააჩნიათ. უნდა ჰქონდეთ ე. წ. საწესდებო თანხა ან პირდაპირ საქმე დაიჭირონ საფინანსო ინსტიტუტებთან და მათი მეშვეობით (საკრედიტო ბარათებით) გვიხდიდნენ ფულს, როგორც ეს ამერიკაშია.

ამერიკაში კარგა ხანს ვმუშაობდი და როდესაც პროდუქცია მაღაზიაში, მიმქონდა, ის ფულს მაშინვე საკრედიტო ბარათით მიხდიდა. ასე უნდა იყოს აქაც. მივმართავ მთავრობას, რომ ეს სისტემა გამართოს და მოაწესრიგოს საკანონმდებლო ხვრელი", _ განაცხადა მეზურნიშვილმა.

ამ დროისთვის საქართველოში, უფრო ზუსტად თბილისში სუპერმარკეტებისა თუ ჰიპერმარკეტების რამდენიმე ქსელი მოქმედებს. მათ შორის "გუდვილი", "სმარტი", "კარფური", "ფურშეტ-ჯორჯია", "ფრესკო", "ორი ნაბიჯი", "ნიკორა", "იოლი", "ფუდ-მარტი", "ვეჯინი", "სპარი" და ა.შ.

განსხვავებით თბილისისა, ევროპის დედაქალაქებში საშუალოდ 4-6 სუპერმარკეტის ქსელი მოქმედებს და თანაც, მათი 99% საღამოს 8-9 საათზე იხურება და კვირას საერთოდ არ მუშაობს. ამ დროს კი დატვირთვა მცირე მარკეტებზე მოდის. თბილისში კი სუპერმარკეტების 99% 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და თანაც კვირაში 7 დღე. მეტიც, თუ ერთ ქუჩაზე ერთი ქსელის მაღაზია გაიხსნა, მეორე თვეს იმავე ქუჩაზე მეორე ქსელი ხსნის სუპერმარკეტს.

ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ საქართველოში სუპერმარკეტების ქსელის გაფართოება და ბაზარზე ახალი ბრენდების შემოსვლა, იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში ეკონომიკის რეალური სექტორი თითქმის არ მუშაობს. მათი თქმით, ვაჭრობის სფერო ხასიათდება ბრუნვის მაღალი სისწრაფით, აქედან გამომდინარე ვაჭრობის სექტორი არის ყველაზე უფრო მარტივად ასათვისებელი სექტორი, მაგრამ ამავე დროს ის საკმაოდ დიდ რისკს უკავშირდება.

ელზა წიკლაური

გაზეთი "რეზონანსი"