მარიამ ვალიშვილი - ჩვენთვის ალტერანატიული აზრის, რეკომედაციებისა და შენიშვნების მოსმენა ყოველთვის მისასალმებელია

ჩვენთვის ალტერანატიული აზრის, რეკომედაციებისა და შენიშვნების მოსმენა ყოველთვის მისასალმებელია, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ვალიშვილმა ენერგოუსაფრთხოებასთან და გამოწვევებთან დაკავშირებით მიმდინარე კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა.

მარიამ ვალიშვილის თქმით, პრიორიტეტები, რომელიც დღეს ენერგეტიკის დარგს გააჩნია ძირითადად აბსოლუტურად იდენტურია სხვა ქვეყნების პრიორიტეტებთან.

„იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ქვეყანას საერთო პრიორიტეტები აქვს და ეს არის ენერგოუსაფრთხოებაში კარგი სტატუსის ქონა, ადგილობრივი რესურსების ათვისება, ინვესტიციების მოზიდვა დარგში, მომსახურეობის კარგი ხარისხი და დაბალი ტარიფები. ეს არის ამოცანა, რომელზეც ორიენტირებულია ნებისმიერი ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკა.

რაც შეეხება ჩვენს შემთხვევას, ჩვენ არ გვაქვს ლიბერალური ბაზარი, ეს ყველასთვის ცნობილია, გამომდინარე იქიდან, რომ ტარიფები ყოველთვის ატარებდა სოციალურ ხასიათს და მისი რეგულირება ყოველთვის ენერგეტიკული სექტორის ნაწილი იყო. ჩვენ ვცდილობთ ახალი რეგულაციები უფრო კომერციული ხაზით შემოვიტანოთ ევროკავშირთან დაახლოების ფორმატში, ეს შეეხება ახალი ჰესების მშენებლობას თუ ძველი ჰესების დერეგულირებას“, - განაცხადა მარიამ ვალიშვილმა.

მისივე თქმით, ერთბაშად ბაზრის გახსნა ან ლიბერალიზაცია ჩვენს შემთხვევაში მიუღწეველია, თუმცა დაწყებულია მრავალმხრივი და რთული რეფორმები, რომელიც რამდენიმე ხნის შემდეგ დიდ შედეგებს გამოიღებს.