მინდია ჯანელიძე - ბორჯომში ვითარება კონტროლს ექვემდებარება, პანიკის საფუძველი არ არსებობს

ბორჯომში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობის შესახებ ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო ავრცელებს.

როგორც  საბჭოში განაცხადეს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში სტიქიური მოვლენების შედეგების ლიკვიდაციისთვის, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ადგილზე კოორდინირებულად მუშაობს ყველა შესაბამისი უწყება, მიმდინარეობს ზარალის ოდენობის შეფასება ყველა ლოკაციაზე.

მათივე ცნობით, საგანგებო შტაბის სხდომაზე, საბჭოს მდივნის, მინდია ჯანელიძის ხელმძღვანელობით დღეს კიდევ ერთხელ გაიმართა, სალიკვიდაციო სამუშაოების მოკლე ვადებში განხორციელების გეგმაზე იმსჯელეს.

მათივე ცნობით, ზარალის ოდენობის შესახებ ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

მინდია ჯანელიძის განცხადებით, ვითარება კონტროლს ექვემდებარება, პანიკის საფუძველი არ არსებობს, მოქალაქეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

”სტიქიის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას, ელექტროენერგიის მიწოდება, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე ეტაპობრივად აღუდგება. წყალი ცისტერნებით მიეწოდება იმ უბნებს, სადაც სასმელი წყლით უზრუნველყოფა დღის ბოლომდე ვერ მოხერხდება. ადგილობრივი ხელისუფლება სისტემატიურად უწევს დახმარებას მოსახლეობას.

საგანგებო შტაბის მუშაობაში ჩართული არიან სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე, ბორჯომის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი, ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შს სამინისტროსა და კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ გასული ღამის განმავლობაში, ადგილზე იმყოფებოდნენ მთავრობის წარმომადგენლები. გამთენიისას, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაზიანებულ უბნებზე კიდევ ერთხელ მივიდა და შესაბამის სამსახურებს დავალებები მისცა“, - ნათქვამია კრიზისების მართვის საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.