საქართველოში გაზის მიწისქვეშა საცავის პროექტის განვითარების მეორე ფაზა დაიწყო

„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ (სნგკ) საქართველოში გაზის მიწისქვეშა საცავის პროექტის განვითარების მეორე ფაზა დაიწყო.

როგორც  კომპანიაში განაცხადეს, პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში ჩატარებულმა ტექნიკურ-ეკონომიკურმა შესწავლამ ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ სამგორის სამხრეთი თაღის უკვე ათვისებულ ნავთობის საბადოზე შესაძლებელია 300 მილიონ კუბურ მეტრამდე მოცულობის გაზსაცავის მშენებლობა.

”აღნიშნულმა შესწავლამ ასევე ცხადყო, რომ პროექტის სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე აუცილებელია დამატებითი გეოლოგიური კვლევების ჩატარება სამგორის სამხრეთი თაღის საბადოზე, რაც ითვალისწინებს ამ საბადოზე ორი ახალი ჭაბურღილის ბურღვას დაახლოებით 2500 მეტრამდე სიღრმეზე, დამატებითი გეოლოგიური ინფორმაციის მოპოვებას და მის ანალიზს. მოპოვებული ინფორმაციისა და ანალიზების შედეგებზე დაყრდნობით მოხდება გაზსაცავის საბოლოო საინჟინრო პროექტის შემუშავება. გაზსაცავის განხორციელების აღნიშნული ფაზის საინჟინრო მომსახურების გასაწევად შეირჩა ფრანგული სპეციალიზირებული საინჟინრო კომპანია „ჯეოსტოკი“, რომელმაც სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის ვადაში უნდა შეასრულოს. ჭაბურღილების საბურღი სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას სნგკ დამოუკიდებელი ტენდერის საფუძველზე შეარჩევს. გაზსაცავის განვითარების მეორე ფაზის დასრულების შემდეგ, უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების დაწყება 2018 წლის დასაწყისში, დასრულება კი - 2020 წლისთვის, იმ პერიოდისთვის იგეგმება, როდესაც საქართველოს მიერ „შაჰ-დენიზის“ გაზსადენიდან მისაღები გაზის მოცულობები მნიშვნელოვნად გაიზრდება”, - აცხადებენ კორპორაციაში.

გაზსაცავის მშენებლობის დაფინანსება განხორციელდება როგორც სნგკ-ის შიდა წყაროებიდან, ასევე, საერთაშორისო საფინანსო და დონორი ორგანიზაციებიდან მოზიდული თანხებით. აღნიშნულ საკითხზე კორპორაცია აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს კომერციულ ბანკებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და კერძო კომპანიებთან. დაფინანსების ერთ-ერთ საშუალებად აგრეთვე განიხილება კორპორაციის მიერ ევრობლიგაციების განთავსება საფონდო ბირჟებზე.

როგორც კორპორაციაში აღნიშნავენ, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც გაზსაცავი არა გააჩნია, რაც მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის როგორც გაზის მიწოდების დაუგეგმავი შეწყვეტის, ასევე მიწოდებასა და მოხმარებას შორის არსებული სეზონური დისბალანსისა და პიკური მოხმარების პერიოდში ქვეყნის გარედან მომწოდებელი კომპანიების მიერ გაზის არასაკმარისი მოცულობის მოწოდების გამო.

გაზსაცავი თბილისთან ახლოს, სამგორის სამხრეთი თაღის დაცლილ საბადოზე აშენდება და მასში 300 მილიონ კუბური მეტრამდე მოცულობის ბუნებრივი გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი, რაც დღევანდელი მთლიანი წლიური მოხმარების დაახლოებით 15%-ს შეადგენს.