უშბაზე გარდაცვლილ ტურისტებს თბილისში გადმოასვენებენ

უშბაზე ნაპოვნი გარდაცვლილი ოთხი ტურისტის ცხედრის თბილისში გადმოსვენების პროცედურები ამ წუთებში მიმდინარეობს.

როგორც  შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, ოთხი ტურისტის ცხედარი მაშველებმა უშბაზე გამთენიისას იპოვეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, უწყებაში შეტყობინება ტურისტების დაკარგვის თაობაზე 5 აგვისტოს შევიდა და სამძებრო სამუშაოები იმ დროიდან დაიწყო.

სამძებრო სამუშაოებში თავდაპირველად შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ადგილობრივი მაშველები ჩაერთვნენ, მოგვიანებით კი მათ განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მაშველებიც შეუერთდნენ, რომლებიც სვანეთში ვერტმფრენით გადაფრინდნენ.

ნაპოვნი ტურისტების ვინაობა და ეროვნება ამ დროისთვის უცნობია. მათი იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა.