მელიქიშვილის და ნიკოლაძის ქუჩების გადაკვეთაზე აზოტის დიოქსიდის მაღალი ინდექსი დაფიქსირდა

ჰაერის დაბინძურება იმ ძირითად გამოწვევებს შორისაა, რის წინაშეც დღს საქართველო დგას.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას უმთავრესად ავტოტრანსპორტი იწვევს. მრავალი კვლევით დადგინდა, რომ თბილისში მოძრავი ავტომობილების უმეტესობა ტექნიკურად გაუმართავია და დიდი რაოდენობით საწვავს მოიხმარს. ძველ მანქანებს ხშირ შემთხვევაში არც აქვთ, კონვერტერი (იგივე გარდამქმნელი), რომელიც ზოგიერთი მავნე ნივთიერების გამოყოფას შეამცირებდა. რამდენიმე წლის წინ ხელისუფლებამ გააჟღერა ინიციატივა ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების აუცილებლობის შესახებ, თუმცა აღნიშნული საკითხი გაურკვეველი დროით გადაიდო.

როდესაც ხელისუფლების ვალდებულებებზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია ასოცირების შესახებ საქართველოსა ევროკავშირს შორის 2014 წელს მოწერილი ხელშეკრულებაც, რითაც ქვეყანამ აიღო ვალდებულება გაატაროს რეფორმები გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების სფეროში.

ჰაერის დაბინძურების საკითხი მთელი სიმწვავით განსაკუთრებით მაშინ დგება, როცა იმ ზიანზე ვიღებთ ინფორმციას, რასაც დაბინძურებული ჰაერი იწვევს. ამერიკის გარემოს ეროვნული ინსტიტუტის თანახმად, იმ დაავადებების ჩამონათვალი, რასაც დაბინძურებული ჰაერი იწვევს საკმაოდ გრძელია. ატმოსფერული ჰაერის დაბნძურება იწვევს ასთმას, ფილტვის კიბოს. ჰაერში შეწონილი მტვრის ნაწილაკების მუდმივი ზემოქმედება ზრდის გულსისხლძარღვთა დაავადებებს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ქალაქებში სადაც ჰაერის დაბინძურების დონე მაღალია, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 15-20% -ით მაღალია სუფთა ქალაქებთან შედარებით.

ცოტა ხნის წინ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ჰაერის დაბინძურების ინდიკატორული გაზომვების შედეგები წარმოადგინა. სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით აზოტის დიოქსიდი შემცველობა უმეტესად "საშუალო" კატეგორიის ფარგლებშია. აზოტის დიოქსიდის მაღალი ინდექსი მხოლოდ მელიქიშვილის და ნიკოლაძის ქუჩების გადაკვეთაზე დაფიქსირდა.

სააგენტოს ცნობით დაბალი ინდექსი - ანუ ნორმის ფარგლებში არსებული კონცენტრაცია - 0-დან 40 მკგ/ მ3- მდეა, საშუალო ინდექსიკი - 41-80 მკგ/მ3 , მაღალი ინდექსი - 81-120 მკგ/მ3

გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ ბაგრატია BPN-თან საუბარში იმ კრიტერიუმებზე საუბრობს, რითაც ის ადგილები შეირჩა, სადაც ჰაერის დაბინძურების ინდიკატორული მაჩვენებელი გაზომეს. მისი თქმით, ჰაერის დაბინძურების მხრივ საქართველოში საგანგაშო მდგომარეობა არ არის.

„გაზომვის ოთხი ეტაპი ჩავატარეთ და სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა ლოკაციები ავიღეთ. ეს კვლევა საქართველოში პირველად ჩატარდა, ამ მიმართულებით არანაირი საბაზისო ინფორმაცია არ არსებობდა. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად დავფაროთ ქალაქის სხვადასხვა უბნები და ასევე სატრანსპორტო კვანძები. ჩვენი კვლევით დადასტურდა, რომ საგანგაშო მდგომარეობა ჰაერის დაბინძურების მხრივ არ არსებობს. საგანგაშოა ძალიან მაღალი და კრიტიკული მაჩვენებელი. საბედნიეროდ, ასეთი მდგომარეობა ჩვენთან არ დაფიქსირებულა“. -აცხადებს ბაგრატია.

ბაგრატია ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შესახებაც აკეთებს გარკვეულ განმარტებებს. ცნობისათვის, International Energy Agency-ის კვლევის თანახმად, ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მიხედვით, 100 ათას მოსახლეზე საქართველო პირველ ადგილზეა. გარემოს დაცვის სამინისტრომ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) წერილი გაუგზავნა, რომელშიც ითხოვს ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა კვლევებზე დაყრდნობით გაკეთდა ანგარიშში მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები.

„ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო დაეყრდნო ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის 2012 მონაცემებს. აქ მხოლოდ ატმოსფერულ ჰაერზე არ იყო საუბარი, არამედ საუბარია შენობების, ნაგებობების შიდა ჰაერზე, ანუ ეს არ ეხება ატმოსფერულ ჰაერს რომელსაც ჩვენ ვზომავთ. ამ შემთხვევში ინდიკატორი არის შენობების შიდა ჰაერი, სადაც შესაძლოა ინდიკატორი იყოს მაგალითად, მოსახლეობის მიერ შეშის გამოყენებაც, ანუ ეს არ ეხება იმ ჰაერს, რომელსაც ჩვენ ვზომავთ. აღსანიშნავია, რომ სამინისტრომ უკვე წერილობით მიმართა ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს."- ამბობს ბაგრატია.

აზოტის დიოქსიდის მაჩვენებლები თბილისის რამდენიმე ქუჩაზე

bpn

მარიამ ვარადაშვილი