საქართველოდან ჩინეთში ქართული ღვინით დატვირთული 10 კონტეინერი გავიდა

თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში დღეს ქართული ღვინით დატვირთული 10 კონტეინერი გაფორმდა.

პროდუქცია ჩინეთში ქართული ღვინის სახლებისთვისაა განკუთვნილი.

„ქართული ღვინის სახლი“ ქართული მხრიდან "თბილინვესტ ჯგუფის”, ჩინური მხრიდან კი კომპანია „სუოლუნის“ ერთობლივი პროექტია.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ლევან დავითაშვილი და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, ნინო ჩიქოვანი.

როგორც სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, ნინო ჩიქოვანმა განაცხადა, დღეს 10 კონტეინერი გადის ექსპორტზე და ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება, ვინაიდან ჩინეთის ბაზარი ქართული პროდუქციის ექსპორტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

თავის მხრივ, „თბილინვესტ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა, დავით ებრალიძემ განაცხადა, რომ ერთი წლის განმავლობაში ჩინეთში 50 ასეთი სახლის გახსნა და 2 მილიონი ბოთლი ქართული ღვინის გატანას გეგმავენ.

„პირველი „ქართული ღვინის სახლი“ 2015 წლის ივლისში ქალაქ იუში გაიხსნა. ქართულმა ღვინომ პოპულარობა მალე მოიხვეჭა და დღეს ჩინეთის სხვადასხვა ქალაქში 10 ასეთი სახლი ფუნქციონირებს. ქალაქ იუშია ასევე განთავსებული სპეციალრი საბაჟო საწყობი, სადაც ქართული ღვინო შეინახება და არსებული ღვინის სახლები სწორედ ამ საწყობიდან მომარაგდება. იუს საბაჟო საწყობში განთავსება დამატებით კომფორტს უქმნის ქართული ღვინის მყიდველებს და ამასთან, პროდუქცია დაცულია ფალსიფიკაციისაგან. ამ ეტაპზე ჩვენს ჯგუფში შემავალი კომპანია “მადლობა” კონტრაქტული წარმოების პრინციპით ღვინოს 4 ქარხანაში ამზადებს -„მეღვინეობა ხარება“, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, „გიუაანი“ და „დუგლაძეების ღვინის კომპანია“ - განაცხადა დავით ებრალიძემ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის თქმით კი, 2016 წლის ბოლოს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დასრულება რეალურია.

”მხარეები შევთანხმდით, რომ მოლაპარაკებების მესამე რაუნდი იქნება ბოლო, დარჩენილ რამდენიმე ღია საკითხზე კი მხარეები მოლაპარაკებას სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განვაგრძობთ, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბრის პირველ ნახევარშია დაგეგმილი”, - განაცხადა გენადი არველაძემ

მისივე თქმით, საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა გახდება, რომელთანაც ჩინეთს გაფორმებული ექნება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება.

”სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო რეგიონში იქნება პირველი ქვეყანა, რომელთანაც ჩინეთს გაფორმებული ექნება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. ეს ნიშნავს, რომ საქართველო მოექცა ჩინეთის ინტერესის არეალში. აღნიშნული შესაძლებლობას მისცემს ჩინეთს, რომელიც არის მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ეკონომიკა და მსხვილი ბაზარი, ისარგებლოს არა მხოლოდ საქართველოს ბაზრით, არამედ მისი მეშვეობით გავიდეს რეგიონის სხვა ქვეყნების ბაზრებზეც”, - განაცხადა გენადი არველაძემ.

როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ანალიზისა და წინასწარი მონაცემების განხილვის საფუძველზე ჩინეთი საქართველოსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ბაზრად გამოიკვეთა.

”ქართული ღვინის კონკურენტუნარიან კატეგორიად ჩამოსაყალიბებლად მნიშვნელოვანია საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია. ანალიზისა და წინასწარი მონაცემების განხილვის საფუძველზე ჩინეთი საქართველოსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ბაზრად გამოიკვეთა, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მრავალი აქტივობებია განხორციელებული და დაგეგმილი. 5-წლიან პერსპექტივაში ჩვენ ექსპერტებთან ერთად განვიხილავდით ჩინეთში იმპორტის 1%-ის დაკავებას, თუმცა 4 წლის აქტივობების შედეგად უკვე 1,5%-ია. 2016 წლის პირველი შვიდი თვის მონაცემით, ჩინეთში ექსპორტირებულია 2.5 მლნ ბოთლი ღვინო. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება. გამომდინარე იქიდან, რომ ღვინო ქართული კულტურისა და ისტორიის ნაწილია, მნიშვნელოვანია ჩინეთის ბაზარზე ღირსეულად იყოს წარმოდგენილი“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომპანია ”სუოლუნს” საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელი ჩინეთში, შიაოჯუნ იი ხელმძღვანელობს.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ჩინელი ტურისტების ნაკადის ზრდა, რათა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მოინახულოს საქართველო და გაეცნოს 800-წლიან ღვინის კულტურას.