ნოდარ ხადური - ახალი პროგრამა ”ცხოვრება გრძელდება” იმ პენსიონერებს შეეხება, რომელთაც ყველაზე მეტად უჭირთ

ახალი პროგრამა ”ცხოვრება გრძელდება”, რომელზეც მთავრობა მუშაობს, იმ პენსიონერებს შეეხება, რომელთაც ყველაზე მეტად უჭირთ , - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ეს არის შესაძლებლობა პენსიონერებისთვის, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი პენსიონერებისთვის, ვისაც ძალიან დაბალი შემოსავალი აქვთ.

”შეღავათები შეეხება როგორც იმას, რომ მუშაობის დაწყების შემთხვევაში ისინი შეინარჩუნებენ პენსიას და სოციალურ დახმარებას, ისე დამსაქმებლებისათვის, რომ შევიმუშავოთ სტიმულირების ძალიან კარგი მექანიზმები. საუბარია პენსიონერთა იმ ნაწილზე, რომელსაც ყველაზე მეტად უჭირთ”, -განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ხადურმა აღნიშნა, რომ დოკუმენტზე, ამ ეტაპზე, მთავრობა, კერძოდ ჯანდაცვისა და ფინანსთა სამინისტრო მუშაობენ და დეტალები პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ რაჭაში სტუმრობისას განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" მუშაობს ახალ პროგრამაზე, რომელიც სპეციალურად პენსიონერებზეა გათვლილი.

პრემიერის განმარტებით, ეს არის პენსიონერების დასაქმების პროგრამა, რომელიც გულისხმობს მათთვის განკუთვნილ საგადასახადო შეღავათებს იმ კომპანიებისთვის, რომელიც დაასაქმებს პენსიონერებს.

”ეს არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს არც პენსიის და არც სოციალური შეღავათების მოხსნას.

ეს არის დამატებით შემოსავალი იმისთვის, რომ ბევრმა ადამიანმა, რომელსაც აქვს ძალიან საინტერესო გამოცდილება და პოტენციალი, თუნდაც მცირე მასშტაბით გამოიყენოს ეს და შესძინოს თავისი გამოცდილება ახალგაზრდა თაობას”, -განაცხადა პრემიერმა.