სტარტაპ საქართველოს მაღალტექნოლოგიური ბიზნეს იდეების ფინალისტთა ვინაობა ცნობილია

პროგრამა ,,სტარტაპ საქართველოს'' მაღალტექნოლოგიური ბიზნეს იდეების ფინალისტები გამოვლინდნენ.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა განაცხადეს, პროგრამის ფარგლებში მაღალტექნოლოგიურ კომპონენტში 17 ივნისიდან 17 ივლისამდე 150-მდე განაცხადი შევიდა, მათ შორის კი 51 ფინალისტია. ფინალისტების შერჩევის მთავარი კრიტერიუმია, ისეთი პროექტების შერჩევა, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება გლობალური მასშტაბით და ექნება ზრდის შესაძლებლობა. 3 კვირის განმავლობაში შემოსული განაცხადების შეფასებას საერთაშორისო ექსპერტები “სილიკონის ველიდან” აფასებდნენ.

შეფასების მთავარი კრიტერიუმები იყო: ინოვაციურობის ხარისხი, გლობალურ ბაზარზე გასვლის პოტენციალი, ვენჩურული ინვესტიციებისთვის მიმზიდველი პროდუქტები, გუნდის კომპეტენტურობა და ა.შ.

15 აგვისტოდან ერთი კვირის განმავლობაში ,,სტარტაპ საქართველოს’’ მაღალტექნოლოგიური ბიზნეს იდეების ფინალისტებისთვის მოეწყობა ტრენინგები ტექნოპარკში, სადაც მაღალკვალიფიციური ტრენერები სილიკონ ველიდან ქართველ სტარტაპებს მოამზადებენ ვენჩურულ ინვესტორებთან შესახვედრათ საკუთარი პრეზენტაციების წარდგენისთვის.

ვენჩურულ ინვესტორებთან ფინალისტების პრეზენტაციები ტექნოპარკში 24-26 აგვისტოს ჩატარდება.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ფინალისტებიდან გამარჯვებულ სტარტაპებს მაქსიმუმ 100 000 ლარის ოდენობით დააფინანსებას, ამასთან, ბენეფიციარს არ მოეთხოვება პროექტის თანადაფინანსება და მისი წილი კომპანიაში 95% იქნება.

დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს დამწყებ მეწარმეებს. პროგრამის მონაწილეებს, რომლებსაც არ აქვთ საკმარისი ფინანსური სახსრები ბიზნესის დაწყების, ან განვითარებისათვის, ეძლევათ უნიკალური შანსი საკუთარი იდეები კონკრეტულ ბიზნესად აქციონ. პროექტის მიზანია ინოვაციური სტარტაპ იდეების საშუალებით საქართველო მოინიშნოს მსოფლიოს გლობალურ რუკაზე, როგორც ინოვაციური ბიზნესის წარმოების ერთერთი მთავარი ეპიცენტრი.

პროგრამა ,,სტარტაპ საქართველო“ საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში ხორციელდება. პროექტს ახორციელებენ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო და საპარტნიორო ფონდი.

ჯამში პროექტ ,,სტარტაპ საქართველოს" ფარგლებში 720-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა ინოვაციური ბიზნესის წარმოებისათვის.

პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფომ 11 მილიონი ლარი გამოყო, რომლითაც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება. სამომავლოდ, უფრო მეტი სტარტაპის დაფინანსების მიზნით, პროგრამის ბიუჯეტი შესაძლოა 35 მილიონ ლარამდე გაიზარდოს.