უკრაინის ილიჩევსკის პორტში, რუსეთის გამო, 400-მდე ვაგონისა და 700-მდე სატვირთოს საქართველოსკენ გამგზავრება ფერხდება

უკრაინის ილიჩევსკის პორტში 400 ვაგონი და 700-მდე სატვირთოა გაჩერებული, რომლებიც რუსეთის სატრანზიტო შეზღუდვების გამო საქართველოსკენ ვერ მიემგზავრებიან.

უკრაინული მედია ამის შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობთ იუწყება.

არსებული ინფორმაციით, ილიჩევსკის პორტიდან ბათუმის პორტისკენ ამ დროისთვის 269 ვაგონი ელოდება გამომგზავრებას, ფოთის პორტისკენ კი - 129 ვაგონი. ასევე, 700 სატვირთო ავტომანქანა ელოდება საქართველოს მიმართულებით ბორნით გადასვლას.

სამინისტროს ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მხრიდან სავაჭრო აგრესიის შედეგად, არსებითად გადაიტვირთა საექსპორტო საქონლის მიწოდების ალტერნატიული მარშრუტი. გარდა ამისა, მარშრუტის შეცვლამ გამოიწვია ლოგისტიკური ხარჯების ზრდა, რის გამოც ეს ფაქტორები ნეგატიურად აისახება უკრაინის ექსპორტზე.