"რთველის პროცესში დაცული იქნება, როგორც მევენახეების, ისე მეწარმეების ინტერესები"

სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, გიორგი სამანიშვილი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე დარგში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს და 20016 წლის რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით შემუშავებული ხელშემწყობი ღონისძიებები განიხილეს.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განაცხადა, რთველის პროცესის ორგანიზებულად წარმართვისთვის საქართველოს მთავრობა სრულ მზადყოფნაშია. მისივე თქმით, რთველის პროცესში დაცული იქნება, როგორც მევენახეების, ისე მეწარმეების ინტერესები. მიმდინარე წელს ყურძნის მიღებას 100-მდე ღვინის კომპანია განახორციელებს და არც ერთ მევენახეს ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება.

მინისტრის განცხადებით, მევენახე გლეხების ინტერესის გათვალისწინებით, ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობამ ”რთველი 2016”-ის ფარგლებში სუბსიდიის გაცემის გადაწყვეტილება მიიღო. ოთარ დანელიას განმარტებით, გასული წლის მსგავსად, სახელმწიფო სუბსიდია გაიცემა პირდაპირ მევენახეებზე და არა ღვინის მწარმოებელ კომპანიებზე.

ღვინის კომპანიებში ჩაბარებულ ყურძენზე სუბსიდია შემდეგი ოდენობით გაიცემა: 1კგ რქაწითელზე -45 თეთრი; 1კგ კახურ მწვანეზე-45 თეთრი და 1 კგ საფერავზე-20 თეთრი; რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში: მუჯურეთული/ალექსანდროული - 2 ლარი.

როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა, რთველის წარმოების ხელშეწყობის მიზნით, მიმდინარე წელს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიებისთვის გაგრძელდება შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში სესხების გაცემა საბრუნავი საშუალებების მიზნობრიობით.

ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის ფერმერებისან ყურძნის შეძენის მიზნით, შეღავათიანი აგროკრედიტის მაქსიმალური მოცულობა განისაზღვრა 10 მლნ ლარით, არაუმეტეს 15 თვისა.

ყურძნის გადადამუშავებელი საწარმოებისთვის, რომლებიც ყურძენს შეისყიდიან საბრენდე სპირტის წარმოების მიზნით, გაიცემა შეღავათიანი აგროკრედიტი არაუმეტეს 15 მლნ ლარის ოდენობით. სესხის მაქსიმალური ვადა განისაზღვრა 3 წლით.

შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფო არ განსაზღვრავს ყურძნის ღირებულებას, არ ერევა ფასების რეგულაციებში, რადგან ფასს ბაზარი არეგულირებს.