ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის გამო  აფთიაქი 12 ათასი ლარით დაჯარიმდა

ხილიანის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის ფაქტი დაფიქსირდა.  როგორც სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს უფროსმა ნანა შანშიაშვილმა განაცხადა, ეს კონკრეტულ აფთიაქში უკვე მეორე შემთხვევაა.

მისივე თქმით, აფთიაქში დაფიქსირდა, პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ურეცეპტოდ გაცემა.

”სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო ყოველდღიურად ახორციელებს პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცეტული პროდუქტის მიმოქცევას და კონტროლს. დღეს, რამდენიმე დაწესებულებაში განხორციელდა კონტროლის ღონისძიება. ამ დაწესებულებაში სამართალდარღვევა მეორედ დაფიქსირდა, ჩვენ მიერ დაწესებულებაზე ნებართვის გაცემის თარიღიდან მეორედ დაფიქსირდა, პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქციის რეცეპტის გარეშე გაცემის ფაქტი, პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის აღრიცხვის ფაქტი და ავტორიზებული აფთიაქის სანებართვო პირობების დარღვევის ფაქტი”,- განაცხადა ნანა შანშიაშვილმა.

შანშიაშვილის განცხადებითვე, დაწესებულება 12000 ლარით დაჯარიმდება, ხოლო ფარმაცევტს აეკრძალება განახორციელოს, როგორც პირველი ჯგუფის, ასევე მეორე ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია განსაზღვრულ დროში.