რიოს ოლიმპიადის ტრანსლირებისას რეკლამის გაშვებისთვის NBC 1,2 მილიარდ დოლარს მიიღებს

ამერიკული მედიაჰოლდინგი NBC რიოს ოლიმპიური თამაშების ტრანსლირებისას რეკლამის გაშვების სანაცვლოდ 1,2 მილიარდ დოლარს მიიღებს, რაც ტელეკომპანიისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

Adweek-ის ინფორმაციით, აღნიშნული თანხა 20%-ით მეტია ლონდონის ზაფხულის ოლიმპიადის დროს დადებულ სარეკლამო კონტრაქტზე.

„ნილსენის“ მონაცემებით, მიუხედავად იმისა, რომ ლონდონის ოლიუმპიური თამაშების შემდეგ სატელევიზიო აუდიტორია სამჯერ შემცირდა, სატელევიზიო რეკლამის ყოველწლიური გაყიდვები 6%-ით გაიზარდა.

NBC-ის ვიცე-პრეზიდენტის სეტ ვინტერის განცხადებით, რიოს ოლიმპიური თამაშების ტრანსლირებისას გაშვებული რეკლამის სამ მეოთხედზე მეტი საღამოს ეთერზე მოდის.

ამერიკულმა ტელეარხმა, რომელსაც კომპანია Comcast ფლობს, ოლიმპიური თამაშების ტრანსლირება 1964 წელს დაიწყო. ცოტა ხნის წინ კი NBC-მ 7,8 მილიარდი დოლარი გადაიხადა ოლიმპიური თამაშების ტრანსლაციის უფლების 2032 წლამდე გახანგრძლივების სანაცვლოდ.

ბრაზილიაში 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 5 აგვისტოს დაიწყება და 21 აგვისტომდე გაგრძელდება.