ამბროლაურის აეროდრომის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

კვირიკაშვილის განცხადებით, ამბროლაურის აეროდრომის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება.

”ჩვენ წლის ბოლომდე აუცილებლად დავასრულებთ ამბროლაურის აეროდრომის მშენებლობას. ეს იქნება ამ რეგიონის ტურიზმის განვითარებისთვის ძალიან მძლავრი ბიძგი. პროექტი უკვე დაწყებულია. ჩვენ აუცილებლად შევეცდებით, ისე დაპროექტდეს აეროდრომი, რომ მიიღოს არა მხოლოდ მცირე ზომის თვითმფრინავები, არამედ საშუალო ზომის 50-მგზავრიანი თვითმფრინავები. ყოველ შემთხვევაში წინასწარი დასკვნები ასეთ ტექნიკურ შესაძლებლობას იძლევა. ეს იქნება ძალიან დიდი სტიმული ადგილობრივი მცირე მეწარმეებისთვის, ადგილობრივი ოჯახური სასტუმროებისთვის და ინვესტორებისთვის, რომ დამატებითი ინვესტიციები მოვიზიდოთ რაჭასა და მიმდებარე რეგიონებში”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, აუცილებლად დასრულდება შაორის ტბის მიმდებარედ, ტირუსტული ზონის განვითარების გენერალური დაგეგმარება. ”ჩვენ აუცილებლად დავასრულებთ შაორის ტბის მიმდებარე ტურისტული ზონის განვითარების გენერალურ დაგეგმარებას ისე, რომ ეს ზონა მაქსიმალურად ჩაეწეროს ჩვენი ქვეყნის სპეციფიკაში, ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა მაქსიმალურად იყოს დაცული და ადგილობრივი ლანდშაფტის ეფექტი არ შეიცვალოს”, - აღნიშნა პრემიერმა.

მანვე ყურადღება გაამახვილა საავტომობილო პროექტებზეც.

”სვანეთში აუცილებლად გავაგრძელებთ მაქსიმალურ მხარდაჭერას, რომ მესტიაში გაგრძელდეს ღაწვალის სათხილამურო ტრასა, ასევე თეთნულდის სათხილამურო ტრასების მიმდებარედ განვითარდეს სასტუმრო კომპლექსები. მე პირობას ვდებ, რომ წლის ბოლომდე დასრულდება გომი-საჩხერე-რაჭის საავტომობილო გზის პროექტირება და მომავალ წელს დაიწყება სამუშაოები. ასევე ეს ეხება ქუთაისიდან სვანეთისკენ მიმავალ გზასაც. ჩვენ სერიოზულად ვიხილავთ მამისონის უღელტეხილზე გადამავალი გზის მშენებლობას იმისთვის, რომ ამ რეგიონმა მაქსიმალური შვება ნახოს დამატებული ტურისტული ნაკადებით. ყველაფერს ამას აუცილებლად განვახორციელებ. თითოეული სიტყვა აქ ნათქვამი აუცილებლად შესრულდება”, - აღნიშნა პრემიერმა.