ამბროლაურში ქართულ-შვეიცარიული ფერმა უახლოეს მომავალში გაიხსნება

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და კომპანიის „ბლაუენშტაინ საქართველო“ ხელმძღვანელ ირაკლი კერვალიშვილთან ერთად ამბროლაურის რაიონის სოფელ ხიმში შეღავათიანი აგროკრედიტით დაფინანსებული ახალი ფერმის მშენებლობა დაათვალიერა.

როგორც  სოფლის მეურნეობის სამინისტროში განაცხადეს კომპანიის „ბლაუენშტაინ საქართველოს“ ხელშეწყობით, ფერმა უახლოეს მომავალში დაიწყებს ფუნქციონირებას. ფერმის მეპატრონემ, სოფელ ხიმშის მკვიდრმა ელდარ ხუციშვილმა 95,000 ლარის შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა. ფერმა 50-60 სულ საქონელზეა გათვლილი და წლიურად 5-6 ტონა საქონლის ხორცის წარმოებაა დაგეგმილი. საწარმოში ექვსი ადამიანი მუდმივად დასაქმდება, სეზონურად კი, 16.

ოთარ დანელიას განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა მაღალმთიან რეგიონებში წარმოების ხელშეწყობა. მისი თქმით, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო პოტენციალის ათვისების მზარდი ტენდენციაა.

„მესაქონლეობის დარგის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. „ქართულ-შვეიცარიული კომპანიის საქმიანობა არის მოდელი, რომელიც გვინდა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვიყენოთ, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში; საუბარია ისეთი გენეტიკის მეცხოველეობაზე, რომელიც აქამდე საქართველოში არ იყო“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ შეღავათიანი აგროკრედიტითა და კომპანიის „ბლაუენშტაინ საქართველოს“ ხელშეწყობით, რაჭა-ლეჩხუმი-ზემო სვანეთის რეგიონში კიდევ სამი ახალი ფერმის მშენებლობა მიმდინარეობს. საერთო ჯამში, რეგიონში 9 თანამედროვე ტიპის ფერმა იფუნქციონირებს.