ყველაზე მეტი თანხა რეკლამაზე ამ დროისთვის პაატა ბურჭულაძის პარტიას აქვს დახარჯული

პარტიებს შორის ყველაზე მეტი თანხა რეკლამაზე ამ დროისთვის პაატა ბურჭულაძის მოძრაობას „სახელმწიფო ხალხისთვის“ აქვს დახარჯული.

პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ცნობით, საარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან პირველი თვენახევრის განმავლობაში - 8 ივნისიდან 19 ივლისის პერიოდში ბურჭულაძის პარტიის მიერ რეკლამაზე გახარჯული თანხების ოდენობა 512 009 ლარს შეადგენს.

ამ კუთხით მეორე ადგილს იკავებს „ქართული ოცნება“, რომელსაც რეკლამაზე 345 032 ლარი აქვს დახარჯული, შემდეგ კი 184 550 ლარით გიორგი ვაშაძის „ახალი საქართველო“ და 183 382 ლარით „პატრიოტთა ალიანსი“ მოდიან.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეკლამაზე 3 082 ლარი დახარჯა. ამ კუთხით სხვა პარტიების მაჩვენებელი კი ასე გამოიყურება: „გირჩი“ 9 275 ლარი, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ – 2 000 ლარი, „მემარცხენე ალიანსი“ – 501 ლარი, „ლეიბორისტული პარტია“ - 320 ლარი და „რესპულიკური პარტია“ 250 ლარი. რეკლამაზე აღნიშნულ პერიოდში თანხა არ დაუხარჯავთ „თავისუფალ დემოკრატებს“, „კონსერვატორებს“, „ეროვნულ ფორუმს“ და „ახალ მემარჯვენეებს“.

პარტიებმა 3-კვირიანი ხარჯთაღრიცხვის შესახებ მონაცემები, რასაც მათ კანონი ავალდებულებთ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში უკვე ორჯერ წარმოადგინეს.

პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, პოლიტიკური ძალების მიერ საარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან პირველი თვენახევრის განმავლობაში გაღებული ხარჯების ჯამური ოდენობა 4 667 091 ლარს შეადგენს.