რა ღირს დასვენება თბილისის ახლომდებარე აგარაკებზე

ზაფხულის ცხელ დღეებში დედაქალაქიდან თავის დაღწევა ნაბისმიერი ადამიანისთვის დიდი სიამოვნებაა, თუმცა ამის ფინანსური საშუალება ბევრს არ აქვს.

როგორც აღმოჩნდა, თბილისთან ახლომდებარე აგარაკებზე ბინის დაქირავება საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა.

ადგილობრივთა თქმით, გასულ წელთან შედარებით, დამსვენებელთა რაოდენობა თბილისთან ახლომდებარე აგარაკებზე შემცირებულია და ამის ერთ-ერთი მიზეზი მაღალი ფასია.

გვანცა ათნელიშვილმა სამ შვილთან ერთად ერთი თვით მანგლისში გადაწყვიტა დასვენება. ამბობს, რომ ერთი თვის საფასური 1000 ლარს შეადგენს. „ჩემთვის კომფორტი ძალიან მნიშვნელოვანია სამ ბავშვთან ერთად ვისვენებ და სახლში პირობები რომ არ მქონდეს არ ვიქირავებდი. თავიდან 1000 ლარის გადახდა გამიჭირდა, მაგრამ ამაზე იაფად ვერ ვიშოვეთ, ბინები ბევრად უფრო ძვირი ღირს. ორი ოთახი ვიქირავეთ, ერთოთახიანი ბინების ღირებულება 500-600 ლარს შეადგენს, მაგრამ საპირფარეშო და სამზარეულო სართო აქვს. 1 500-დან-2 000-ლარამდე მერყეობს იმ ბინების ფასი, რომლებსაც საკუთარი საპირფარეშო და სამზარეულო აქვს. მანგლისში მთელ ზაფხულს დიდი სიამოვნებით გავატარებდი, იმენად მშვიდი გარემოა. რაც ყველაზე მთავარია საღამოს ძალიან გრილა. მოკლედ აქ ყველა პირობაა იმისთვის, რომ თავი კომფორტულად იგრძნო“,-ამობობს გვანცა ათნელიშვილი.

ლენა გიორგაძე უკვე რამდენიმე წელია კოჯორში ბინას აქირავებს. ეს მისი ოჯახის შემოსავლის ერთადერთი წყაროა. თუმცა ამბობს, რომ წელს ბინის გაქირავება ძალიან გაუჭირდა. კოჯორში ერთი თვის ღირებულება 600-700 ლარიდან იწყება და სურვილისა და შესაძლებლობების შესაბამისად 2000 ლარამდე მერყეობს.

„ გასულ წლებში ბინებს უცხოურ ვალუტაში ვაქირავებდით, თუმცა დოლარის კურსის ცვლილებამ იძულებული გაგვხადა ბინები ლარში გავაქირავოთ, მაგრამ წინა წლებისგან განსხვავებით, მსურველი შემცირებულია. შარშან ძალიან ბევრი ხალხი იყო, ასეთ დროს ცარიელ ბინას ვერ ნახავდით, წელს კი ძალიან ბევრი ბინაა გასაქირავებელი. ამბობენ, რომ დამსვენებლების უმრავლესობა კიკეთში წავიდა. კიკეთში ბინების ფასი 400 ლარიდან იწყება“, - ამბობს ლენა გიორგაძე.

მაყვალა კვეკვესკირი წყნეთში ცხოვრობს, ამბობს, რომ წყნეთს ყოველწლიურად უამრავი დამსვენებლი სტუმრობს, რომელთა ძირითადი ნაწილი თბილისიდან არის. „ვერ ვიტყვი რომ წყნეთი ცარიელია, თუმცა შარშანდელთან შედარებით დამსვენებლების სიმცირე აშკარად თვალშისაცემია. ოჯახები ძირთდად, ერთი თვით რჩებიან, გადასახადს წინასწარ იხდიან. ფასები 1000 ლარიდან იწყება, სეზონის ღირებულება 5000 ლარსაც კი აღწევს“, - ამბობს წყნეთის მკვიდრი.

შედარებით დაბალ ფასად არის შესაძლებელი ბინის დაქირავება საგურამოში, სადაც ფასები 350 ლარიდან იწყება, ასევე წოდორეთში ფასები შედარებით იაფია, რის გამოც ბოლო წლებში მოთხოვნა საკმაოდ გაიზარდა.

თიკო გურაშვილი