რატომ გახშირდა ავარიის შემთხვევები საქართველოს გზებზე

საგზაო ნიშნები არის სრულიად არაკომპეტენტურად დამონტაჟებული, რაც ხშირ შემთხვევებში ხდება გაურკვევლობის მიზეზი ჩვენს გზებზე

, - ამის შესახებ „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, დავით მესხიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამასთან, მესხიშვილი პრობლემას ხედავს იმაშიც, რომ საქართველოში მძღოლების გარკვეულმა ნაწილმა არ იცის საგზაო ნიშნების ცნობა.

„როდესაც ვსაუბრობთ და გვიკვირს, თუ რატომ მოიმატა ავტოსაგზაო შემთხვევებმა, სამწუხაროდ, ამის მიზეზები არსებობს. ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც რიგ შემთხვევებში აღარ ხორციელდება: გზაჯვარედინები არის მოუწესრიგებელი, საგზაო მოძრაობა არ არის დარეგულირებული, საგზაო ნიშნები არის სრულიად არაკომპეტენტურად დამონტაჟებული, რაც ხშირ შემთხვევებში ხდება გაურკვევლობის მიზეზი ჩვენს გზებზე. ამას თან ერთვის ის, რომ მძღოლების გარკვეულმა ნაწილმა, სამწუხაროდ, უბრალოდ არ იცის საგზაო ნიშნების ცნობა. ეს ყველაფერი ერთად ქმნის ავარიულ შემთხვევებს. მაგალითად: ვაჟა-ფშაველას გამზირიდან ყაზბეგის ქუჩაზე გასასვლელ მონაკვეთზე ერთდროულად რამდენიმე ნაკადისთვის, ასევე დამატებით ქვეითად მოსიარულეთათვის „მწვანეა“ ანთებული. თავისთავად ცხადია, რომ ასეთი ავარიული სიტუაციები თავიდან უნდა ავიცილოთ“, - განაცხადა დავით მესხიშვილმა.