უკრაინის ექსპორტის შეფერხება ქართველ ბიზნესმენებსაც აბრკოლებს

რუსეთი უკრაინიდან წამოსულ საექსპორტო ტვირთებს არ ატარებს, რის გამოც უკრაინის ილიჩევსკის პორტში ასეულობით სატვირთო მანაქანაა გაჩერებული.

„ეს მანქანები ალტერნატიული გზით, საქართველოსკენ ვერ მოდიან“ - წერს უკრაინული მედია. არსებული ინფორმაციით, ილიჩევსკის პორტიდან ბათუმის პორტისკენ ამ დროისთვის 269 ვაგონი ელოდება გამომგზავრებას, ფოთის პორტისკენ კი - 129 ვაგონი. ასევე, 700 სატვირთო ავტომანქანა ელოდება საქართველოს მიმართულებით ბორნით გადასვლას. რასაკვირველია, ეს სიტუაცია ქართულ გადამზიდავ კომპანიებს სერიოზულ პრობლემებს უქმნის. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ისტ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე - ირაკლი იაშვილი ესაუბრა:

“ „ისტ გეით ჯგუფში“ შემავალი ერთ-ერთი კომპანია - „ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია“ - ამ საქმეში აქტიურად არის ჩართული. ამიტომ, კარგად ვიცი, ასეთ დროს გადამზიდავ კომპანიებს რა პრობლემები ექმნებათ: მათ უკრაინიდან ტვირთების გადმოტანა ბათუმის, ან ფოთის გავლით უწევთ, რის გამოც უკრაინაში უამრავი სატვირთო მანქანაა დაგროვილი. ამ მანქანების ბორანზე აყვანა დროულად ვერ ხერხდება. ადრე ილიჩევსკიდან ბორანი ფოთში დადიოდა, მაგრამ ახლა ისეთი სიტუაციია, ალბათ კიდევ გახდება საჭირო გემების დამატება, რაც დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული“, - აღნიშნა ირაკლი იაშვილმა.

ირაკლი იაშვილის თქმით, რუსეთის მიერ დაწესებულმა შეზღუდვებმა სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ხარჯები კიდევ უფრო გააძვირა, რამაც არა მხოლოდ უკრაინას შეუქმნა პრობლემა, არამედ სხვა ქვეყნებსაც.

ხათუნა ჩიგოგიძე