რა პროცედურებია საჭირო ელექტრონული რეცეპტების სისტემაში ჩასართავად

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ელექტრონული რეცეპტების სისტემაში ჩართვის პროცედურებს განმარტავს.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას მინისტრის მოადგილე ნინო ბერძულმა აღნიშნა, ელექტრონული რეცეპტის სახელმწიფო პლატფორმის შემუშავებაზე უწყების საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტმა იმუშავა.

”ელექტრონული რეცეპტის ცენტრალიზებული სისტემის ვიზუალი ძალიან მარტივია. ექიმი შედის სისტემაში http://eprescription.moh.gov.ge და რეგისტრირდება. რეგისტრირება ხდება ექიმის პირადი ნომრით, პირადი ნომრის შეყვანის შემდეგ ხდება ექიმის სახელის, გვარის, დაბადების თარიღის ავტომატურად გენერირება. ექიმის მიერ რეგისტრაციის წარმატებით გასავლელად საჭიროა ვალიდური, აქტიური ექიმის სერტიფიკაცი. ამის შემდეგ, სისტემა ამოწმებს, ახდენს ავტორიზაციას და რეგისტრაციის საშუალებას იძლევა. ერთჯერ დარეგისტრირება საკმარისია, რათა მომხმარებლის და პაროლის გენერირება მოხდეს. პაციენტის მხრიდან აბსოლუტურად არაფერი არ არის საჭირო. პაციენტი მიდის ექიმთან ვიზიტზე, ხდება დანიშნულების გენერირება. რეცეპტი ავტომატურად სისტემაში აისახება, შესაბამისად, ნებისმიერი ფარმაცევტული დაწესებულება, რომელიც ჩართული იქნება ამ სისტემაში, ავტომატურ რეჟიმში ნახავს რეცეპტს”, - აღნიშნა ნინო ბერძულმა.

მისივე ინფორმაციით, სააფთიაქო დაწესებულებამ წინასწარ უნდა გაიაროს ავტორიზაცია. ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს სპეციფიურ კოდს, რათა სააფთიაქო დაწესებულების დარეგისტრირება მოხდეს.

ამასთან, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პირადად უჩვენა ჟურნალისტებს ელქტრონული რეცეპტის გამოწერის პროცედურები.

ამ ეტაპზე ელექტრონული რეცეპტების სისტემაში ჩართვა ნებაყოფლობითია, თუმცა სავარაუდოდ შემოდგომაზე კონკრეტული ვადა გამოცხადდება, რის შემდეგაც პროგრამაში ჩართვა სავალდებულო იქნება.