ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებისთვის პირადობის მოწმობის აღება მარტივდება

ქუჩაში მცხოვრები ან მომუშავე ბავშვებისათვის დოკუმენტაციის გაცემა მარტივდება.

როგორც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებს შეეძლებათ მიიღონ პირადობის მოწმობა და ყველა ის სარგებელი, რასაც სახელმწიფო თავის მოქალაქეებს აწვდის.

”ქუჩის მიუსაფარი ბავშვები იყო და ნაწილობრივ რჩება სერიოზულ სოციალურ გამოწვევად. აქ იყო ბევრი ფაქტორი, ერთი - ნდობის დეფიციტი, როდესაც ისინი არ შემოდიოდნენ კონტაქტში, მათ ჰქონდათ თავისი სოციუმი. მობილური ჯგუფების მუშაობით, ეს საკითხი ნაწილობრივ მოიხსნა. პრობლემების მეორე ჯგუფი იყო, რომ მათ არასოდეს აუღიათ პირადობის მოწმობა, ვერ ხდებოდა მათი იდენტიფიკაცია და ჩართვა სახელმწიფო პროგრამებში, რომლებიც თუნდაც ჯანდაცვისა და სოციალურ პროექტებს მიაწვდიდა. ეს იყო გართულებული ”ჯადოსნული წრე”, რომელიც იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით მნიშვნელოვნად გამარტივდება. მათ შეეძლებათ მიიღონ პირადობის მოწმობა, რაც აქამდე უბრალოდ შეუძლებელი იყო და მიიღონ ყველა ის სარგებელი, რასაც სახელმწიფო თავის მოქალაქეებს აწვდის”, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

ქუჩაში მცხოვრები ან მომუშავე ბავშვებისათვის დოკუმენტაციის გაცემა მარტივდება. მიუსაფარ და ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს დაბადებისა და პირადობის მოწმობებს, ასევე, სამგზავრო დოკუმენტებს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართვის საფუძველზე დაუმზადებს.