თხილის ფასი შესაძლოა 10 ლარამდე გაიზარდოს

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში თხილზე ფასის ვარდნის შემდეგ, კვლავ გაჩნდა იმედი, რომ ქართული თხილი გაძვირდება.

ამის იმედი, არსებული ინფორმაციით, თურქეთში შექმნილი თხილის დეფიციტია. ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა თხილის ფასი 10-ლარამდე გაიზარდოს.

თუმცა, რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია, ამას თხილის მწარმოებლები ვერ ადასტურებენ.

"ცოტა ხნის წინ თხილის ფასი 3 ლარამდე დაეცა, თუმცა ახლა 5 ლარამდეა. ხარისხს გააჩნია. შარშანდელი მოსავალი ბევრმა არ გაყიდა იმის იმედით, რომ ფასი მოიმატებდა მაგრამ ასე არ მოხდა. ამ ეტაპზე ძველი თხილი 4, 60 ლარი, ახალი კი,  - 4, 30 ლარი ღირს. ძველი თხლის გაყიდვის პრეცენდენტენი წლებია არ ყოფილა, რადგან გასული წლებში ფასი შედარებით მაღალი იყო და ხალხი მას მომდევნო მოსავლამდე არ იტოვებდა", - აღნიშნავს მერაბ დარასელია.

მისივე თქმით, თურქეთიდან თხილის მსურველები რაოდენობა ბოლო დროს საგრძნობლად გაიზარდა.

თხილის გაძვირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არასაიმედოს უწოდებს კომპანია "ნათინვესტის" დირექტორი და მფლობელი დავით სვანიძე.

"საქმე ის არის, რომ თურქეთს სექტემბრამდე თხილის ნედლეული არ აქვს, რადგან ძველი უკვე გამოლეულია, ჩვენთან კი უფრო ადრე, აგვისტოდან ხდება მოსავლის აღება. შესაბამისად, სანამ თურქეთში გამოჩდნება გადამუშავებული პროდუქცია ისინი მარაგის ქართულით შეცვლას ცდილობენ. არსებობს კიდევ ერთი საკითხი - თურქეთს უნდა თავისი პროდქუცია ევროპაში უფრო ძვირად გაყიდოს და ისეთ სურათს ქმნის, თითქოს თხილის დეფიციატია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. წლეულს, მოსავლის მინიმალური რაოდენობა 550 ათასი ტონაა, ამას ემატება, გასული წლის ასევე მინიმალური მოსავალი 100 ათას ტონა. ასე რომ, ამ ეტაპზე 650 ათასი ტონა თხილი აქვთ. შექმნილი პანიკის იმიტაცია იმაზე მიანიშნებს, რომ დასაწყისში იქნება მაღალი ფასი და შემდეგ ისევ დაიწევს", - აღნიშნა "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას დავით სვანიძემ.

მისივე თქმით, თუ გაძვირდა თურქული თხილი, მცირედი სხვაობით გაძვირდება ქართული თხილიც.

დავით სვანიძის განცხადებით, ამ ეტაპზე, ევროპის სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლების დაინტერესება ქართული პროდუქციის მიმართ, საკმაოდ დიდია. "თუმცა, საქმე ის არის, რომ საქართველოში წლეულსაც თხილის ცუდი და მცირე მოსავალი მოვიდა. გამონაკლისია გურიის რეგიონი, სადაც შედარებით კარგი მოსავალია და ხარისხიც კარგია, რადგან სამეგრელოში გავრცელებული დაავადება, ე.წ. ნაცარი, რომელმაც სამეგრელოში თხილის მოსავალი მთლიანად გააფუჭა, მას არ შეხებია. მცირე რაოდენობით თხილის ნედლეულს აფხაზეთიდანაც ვიღებთ. იქაც რაოდენობის მხრივ, 70-75 % ნაკლები მოსავალია, მაგრამ ხარისხი კარგია. როგორც მოგეხსენებათ, ენგურის ხიდიდან გადმოტანა ძვირი უჯდებათ და ადგილობრივი გლეხები სხვადასხვა გზებით ცდილობენ ზუგდიდამდე ჩამოღწევას", - ამბობს დავით სვანიძე.

ლალი პაპასკირი