ორ წელში განვითარებული ქართული ბრენდი, რომელიც უკვე მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში იყიდება

რთულია იმის წარმოდგენა, როგორ მიგაქვთ სარეცხის მანქანაში გარეცხილი ხელჩანთა კომპანიაში, სადაც ის შეიძინეთ და ჩანთის განახლებას ითხოვთ.

კომპანია კი თქვენს თხოვნას ითვალისწინებს და ჩანთას პირვანდელ ფორმას უბრუნებს. ეს შეიძლება ხდებოდეს ევროპაში, სადაც იმავე წარმატებით მოგისმენენ და გაითვალისწინებენ თქვენს მოთხოვნებს სამოსის უკან დაბრუნების შემთხვევაში. მაგრამ ეს საქართველოში ხდება. უფრო ზუსტად, ხდებოდა. ამჟამდ უკვე ჩანთები იმდენად სრულყოფილია, მომხმარებელს უკმაყოფილების საბაბი აღარ რჩება. ეს ქართული ბრენდია - ”გეფერინი”, რომელიც მიზანდასახულმა და შრომისმოყვარე წყვილმა 2014 წელს დააფუძნა. დღეს კი ”გეფერინის” ჩანთები არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიო ბაზარზეც იყიდება.

”ეს არ არის მხოლოდ ბიზნესი, ეს არის ჩვენთვის ყველაფერი, ეს არის ჩვენი ცხოვრება. იმაზე დიდ ემოციას არაფერი იწვევს, როცა დავინახავთ, რომ ვიღაცა ჩვენი ჩანთით დადის. არ დამავიწყდება ჩემი განცდები, როდესაც ბანკის რიგში ვიღაცა ჩვენი ჩანთით დავინახე”, - ამბობს ”გეფერინის” დამფუძნებელი, ბრენდის გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი, ილია გეფერიძე და ”ბიზნესპრესნიუსს” ”გეფერინის” დაარსებისა და განვითარების ისტორიას უყვება.

საწყისი კაპიტალი და პირველი ნაბიჯები: ”ჩვენ ლოგოზე დატანილი გვაქვს 2009, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროიდან გვქონდა ჩანაფიქრი. თავად ბიზნესი კი, მეუღლესთან ერთად 2014 წლის 7 აგვისტოს დავიწყე. საწყისი კაპიტალი ჩვენ მიერ დაგროვილი თანხა, 10 ათასი დოლარი იყო. გვინდოდა ისეთი პროდუქტი გვეწარმოებინა, რომელიც საქართველოში არ იწარმოებოდა და შევჯერდით: ეს იყო ქალის ჩანთები. ვფიქრობდით, რომ ამ პროდუქტზე მოთხოვნა იქნებოდა. დავიწყეთ. პირველი ნაბიჯების გადადგმისას აღმოვაჩინეთ, რომ ამ სფეროში გამოცდილი მუშახელი არ იყო. შესაბამისად, დაწყება ძალიან გაგვიჭირდა. 8 თვე მოვუნდით, რომ ერთი სრულყოფილი ჩანთა გამოგვეშვა. დავდიოდით თურქეთში საწარმოებში, ფაბრიკებში, რომ გვენახა როგორ მუშაობდნენ, ვითარდებოდნენ. დროთა განმავლობაში შეიქმნა და დაიხვეწა ჩვენი სამუშაო ჯგუფი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი სირთულის ჩანთა დაამზადოს”.

ტაქსით მგაზვრობისას აღმოჩენილი იდეა:

”ერთხელ ტაქსით მოვდიოდი. ტაქსის მძღოლი ცხოვრობდა შვედეთში. ის მესაუბრებოდა, თუ როგორ კარგად მუშაობს გარანტია შვედეთში, რომელიც ტანისამოსს აქვს. ვიფიქრე, რატომ არ შეიძლებოდა ჩვენც გაგვეკეთებინა ასეთი რამ. ჩვენ ჩანთებზე გადმოვიტანეთ ეს იდეა. ამან გაამართლა. ჩვენ კი განვითარებაში დაგვეხმარა. როდესაც გვიბრუნებდნენ ჩანთას, ხარვეზი ნათელი იყო უკვე და იმ ხარვეზს მაშინვე ვასწორებდით. ეს ბრენდს სრულყოფილებისკენ სწრაფვაში დაეხმარა. პროდუქციის უკან დაბრუნების მაჩვენებელი ადრე 7% იყო, ახლა კი 0.1% გვაქვს.

ტყავის შემცვლელზე 6 თვიანი გარანტია გვაქვს, ტყავზე - ერთ წლიანი. ეს გარანტია კარგად მუშაობს. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ დაუზიანდება მომხმარებელს ეს ჩანთა. მთავარია, არ იყოს თავისი ბრალეულობა, დანარჩენ შემთხვევაში ან შევუკეთებთ ჩანთას, ან შევუცვლით, ან თანხას დავუბრუნებთ. ვერ გაიგებ შეცდომა სად დაუშვი, თუ მომხმარებელთან კონტაქტი არ გექნება.

ასეთი კურიოზული შემთხვევა გვქონდა - ერთმა მომხმარებელმა სარეცხის მანქანაში გარეცხა ჩანთა. ჩანთამ საკმაოდ ცუდი ფორმა მიიღო. ჩვენ ის აღვუდგინეთ. ძალიან დიდი წვალების შემდეგ. ფაქტობრივად, ახლის გაკეთება ჯობდა, მაგრამ ის ჩანთა მაინც შევაკეთეთ”.

წარმოების დეტალები და რეალიზაცია:

”ამჟამად კომპანიაში 31 ადამიანია დასაქმებული. თავიდან 6 ადამიანით დავიწყეთ. 22 დანადგარი გვაქვს. აქედან ნახევრადპროფესიონალური 10, დანარჩენი კი პროფესიონალური დანადგარებია. მასალების 90% თურქეთიდან შემოგვაქვს. თურქეთი ძალიან დახვეწილია ტყავისა და ტყავის შემცვლელის წარმოების მხრივ.

ჩვენი გაყიდვების 80% ქალის ჩანთებზე მოდის. 20% - საბავშვო ჩანთებზე, მამაკაცის ჩანთებსა და საფულეებზე. სამგზავრო ჩანთებში შევქმენით რამოდენიმე მოდელი. საქართველოში სამი ბრენდირებული მაღაზია გვაქვს. იქ მხოლოდ ჩვენი პროდუქცია იყიდება. ახლა გავაფორმეთ ხელშეკრულება ერთერთ მაღაზიასთან, სადაც ქართველ დიზაინერთა პროდუქცია იყიდება და იქაც წარმოვადგინეთ ”გეფერინი”.

ექსპორტი: ”ჩვენ დღეს 4 ქვეყანაში გავდივართ ექსპორტზე. ექსპორტიორებს ძალიან დიდი მოთხოვნები აქვთ. რომ არა გარანტია, რომელსაც ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ, ასე ვერ განვვითარდებოდით და ექსპორტიორების მოთხოვნებს ვერ დავაკმაყოფილებდით. ჩვენი პროდუქცია გაგვაქვს: ამერიკაში, რუსეთში, უკრაინაში, რამდენიმე დღეა, რაც ყაზახეთის მხარესთან გავაფორმეთ ხელშეკრულება და მიღებული გვაქვს პირველი შეკვეთა. 2-3 კვირაში უკვე ყაზახეთის ბაზარზეც გავალთ. ამჟამად მოლაპარაკება მიმდინარეობს აზებაიჯანთან, ბელორუსთან, სავარაუდოდ, სექტემბერში უკვე დუბაიშიც გავალთ. დუბაიში ონლაინ მაღაზიის საშუალებით გაიყიდება ჩვენი პროდუქცია. ასევე, ბევრი დაინტერესებაა სხვადსხვა ქვეყნიდან”.

ბიზნესი და წარმატება: ”ბიზნესის განვითარებისთვის აუცილებელია სახლმწიფო ხელშეწყობა. სახელმწიფოს მხრიდან აუცილებლად უნდა იყოს დახმარება, რომ წარმოებას მაქსიმალურად ხელი შეეწყოს. სხვადასხვა ბენეფიტებით უნდა სარგებლობდეს ბიზნესი: იაფი სესხებით, გამარტივებული საგადასახადო სისტემით და ა.შ. ქვეყნის განვითარების საწინდარი წარმოებაშია.

ამჟამად თიბისი ბანკის ბინზესდაჯილდოების პროექტში ვმონაწილეობთ. ვფიქრობ, ამ პროექტში მონაწილეობა კარგ შედეგს მოუტანს ჩვენს ბრენდს. უკვე ძალიან ბევრმა ადამიანმა ნახა ჩვენი გვერდი და მოიწონა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ აქ მონაწილეობის მიღება - ჩვენი ბრენდის პოპულარობა უფრო გაიზრდება და ამ პროექტის საშუალებით მეტი ხალხი გაიცნობს ”გეფერინს”. ბიზნესდაჯილდოების მთავარი გზავნილი ხომ სწორედ ეს არის: #წარმატებაგადამდებია და #გააზიარეწარმატება.

მთავარი: ბიზნესში მთავარი მიზანდასახულობაა. ძალიან რთულია, როცა შემოსავალი არაფერია ბიზნესში და მხოლოდ გასავალია. მაგრამ ერთხელაც არ გვიფიქრია, რომ ”გეფერინი” არ გაამართლებდა. ჩვენი უკანმოუხედავი მიზანდასახულობა დაგვეხმარა. ჩვენი მიზანი იყო მსოფლიო ბაზარზე გავსულიყავით და ამას მივაღწიეთ. ასევე, მთავარია შრომა. ჩვენთან ნებისმიერ დროს რომ მოხვიდეთ, ნახავთ, სულ ვმუშაობთ - 24 საათიან რეჟიმში. ამ დაუღალავი შრომით მივაღწიეთ ყველაფერს. ასევე აუცილებელია გუნდის ერთიანობა. როდესაც ბრენდი წარმატებას აღწევს, ეს არ უნდა იყოს ერთი კონკრეტული ადამიანის წარმატება, ამაში ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა. ასეა ჩვენთანაც, მთელი გუნდი მონაწილეობს ამ პროცესში, მთელი გუნდი მიდგას გვერდით, ყველა ერთნაირი წარმატებით ვითარდება. არ უნდა გაჩერდე ერთ წარამატებაზე, სულ ახალი უნდა ეძებო. სულ უნდა ვითრდებოდე”.

https://www.facebook.com/businessawardgeorgia/?fref=ts

https://www.facebook.com/gepherrini/

http://www.gepherrini.ge

თამარ კორკოტაშვილი