ბორჯომში სტიქიისგან დაზიანებული სახლების გადახურვისათვის 300 000 ლარამდე გამოიყო

ბორჯომის მუნიციპალიტეტში სტიქიისგან დაზიანებული სახლების გადახურვისათვის 300 000 ლარამდე გამოიყო.როგორც ”ინტერპრესნიუსს” ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა განუცხადა, აღნიშნული თანხა მრავალბინიანი და კერძო სახლების გადახურვას მოხმარდება.

მისივე ინფორმაციით, სამუშაოები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს.

”მშენებლები მუშაობენ. სამუშაოები, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ 300 000-ლარამდე ჯდება. 8 მრავალბინიანი კორპუსია და არის რამდენიმე კერძო სახლი, რომელიც ძლიერ დაზიანდა. სამუშაოების დასასრულებლად მშენებლებს გონივრული ვადა მივეცით, ზოგს 10, 20 დღე, ერთი თვე. ზოგიერთი სახურავი დიდ ფართობს მოიცავს, რომელსაც ერთ-ორ დღეში ვერ გადახურავენ”, - აღნიშნა დიმიტრი ყიფიანმა.

რაც შეეხება ბორჯომის ცენტრალურ პარკს, გამგებლის ინფორმაციით, პარკი გახსნილია და სრულფასოვნად ფუნქციონირებს. დიმიტრი ყიფიანმა ასევე აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბორჯომის ისტორიულ პარკს ეწვია და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გაწეულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

4 აგვისტოს მოსულმა ძლიერმა წვიმამ, სეტყვამ და ქარმა ბორჯომის ისტორიულ პარკს ზიანი მიაყენა. ბორჯომის მუნიციპალიტეტში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და კომერციული ობიექტები, დაზიანდა ასფალტის საფარი, სახურავები, ძლიერმა ქარმა მწყობრიდან გამოიყვანა ელექტროგადამცემი ხაზები. სტიქიის ზონაში მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დამატებითი ეკიპაჟები მეზობელი მუნიციპალიტეტებიდან.