საქართველოში გემების სახელმწიფო ელექტრონული რეესტრი იქმნება

საქართველოში გემების სახელმწიფო ელექტრონული რეესტრი იქმნება.

ბათუმში, სასტუმრო „რადისონში“’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა მამუკა ახალაძემ და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი პატარიძემ ახალი სერვისის პრეზენტაცია გამართეს. მათ ხელი მოაწერეს შესაბამის ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წელს ამოქმედდება საქართველოს გემების სახელმწიფო ელექტრონული რეესტრი.

როგორც გიორგი პატარაძემ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მეზღვაურებისთვის და ფიზიკური პირებისთვის დაგეგმილი ახალი სერვისი წინგადადგმული ნაბიჯია სახელმწიფო სერვისების განვითარების მხრივ:

„ხელშეკრულება მიზნად ისახავს საზღვაო ტრანსპორტის ელექტრონული რეესტრის დანერგვას. ეს არის ერთ-ერთი ინოვაციური პროექტი, რომელიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში დავგეგმეთ. კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია სახელმწიფო სერვისების განვითარების მხრივ. ეს იქნება როგორც მეზღვაურებისთვის, ასევე ფიზიკური პირების, მოქალაქეებისთვის“, - აღნიშნა გიორგი პატარიძემ.

მამუკა ახალაიძის განმარტებით კი, ინოვაციური პროექტი ხელს შეუწყობს ქართული დროშის განვითარებას. მისივე თქმით, ახალი სისტემით საერთაშორისო გემთმფლობელები ეფექტურ, ჩქარ და ხარისხიან მომსახურებას მიიღებენ:

„ამ სისტემის დანერგვით ჩვენ მივიღებთ სრულიად ახალი ტიპის, საერთაშორისო დონის გემების სახელმწიფო რეესტრს. საქართველო გახდება ერთ-ერთი პირველი რეგიონში, რომელსაც ექნება ავტომატიზირებული ელექტრონული გემების რეესტრი. ამ სისტემით ისარგებლებენ გემთმფლობელები საერთაშორისო მასშტაბით. ამ სისტემის გარეშე შეუძლებელია განვითარდეს ქართული დროშა. სისტემა ჩვენს მეზღვაურებს დაეხმარება უფრო მეტი სივრცეები დაიპყრონ დასაქმების კუთხით. ელექტრონული სისტემა საშუალებას მოგვცემს მყისიერად ონლაინ რჟიმში მივიღოთ სრული ინფორმაცია ნებისმიერი მცურავი საშუალების შესახებ“, - აღნიშნა მამუკა ახალაძემ.

ინოვაციური სერვისის დანერგვით ხელმისაწვდომი გახდება ელექტრონულ ფორმატში ინფორმაციის მოპოვება სახელმწიფო რეესტრში დარეგისტრირებულ ყველა გემზე, გამარტივდება და დაიხვეწება გემთმფლობელთა რეესტრის წარმოება, დაინერგება ელექტრონული სარეგისტრაციო მოწმობები, რის საფუძველზეც შესაძლებელი გახდება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ვებ-გვერდიდან გემზე საქართველოს სახელმწიფოს სახელით გაცემული მოწმობების დამოწმება (ონლაინ ვერიფიკაცია) მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე, რაც შეამცირებს საქართველოს გემების ინსპექტირების დროს და შექმნის გაყალბების წინააღმდეგ საბრძოლველ ეფექტურ მექანიზმებს.