საქართველო თურქეთს ელექტროენერგიის დავალიანებას 20 წლის ვადაში გადაუხდის

ენერგეტიკის სამინისტრო თურქეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოსთვის წლების წინ მოწოდებული ელექტროენერგიის დავალიანებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ეხმაურება.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, 1990 წლიდან 1997 წლამდე თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში მოწოდებული და დაუბრუნებელი ელექტროენერგიის ჯამური ოდენობა დაახლოებით 1 700 000 000 კილოვატსაათს შეადგენს.

მათივე განმარტებით, აღნიშნული დავალიანება აღიარებული იქნა ჯერ კიდევ 1997 წელს ორმხრივად ხელმოწერილი ოქმით, საქართველოს ენერგეტიკის მაშინდელი მინისტრის მიერ, თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის დროს.

”2015 წლის აპრილში ხელი მოეწერა საქართველოს მთავრობას და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორმხრივ ხელშეკრულებას ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულებით ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასთან, ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის გაძლიერებასთან, ახალი ურთიერთდამაკავშირებელი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობასთან და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად მოხდა ზემოთხსენებული ელექტროენერგიის დავალიანების შემცირება 1,7 მლრდ კვტ/სთ-დან 1 მლრდ კვტ/სთ-მდე და მისი უკან - თურქეთის რესპუბლიკისთვის დაბრუნების რესტრუქტურიზაცია. კერძოდ, მისი დაბრუნების ვადად განისაზღვრა 20 წელი. დაბრუნება მოხდება ნაწილ-ნაწილ ელექტროენერგიის მიწოდების გზით.

გარდა ამისა, გვსურს განვაცხადოთ, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის მრავალწლიანი სტრატეგიული თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში გრძელდება, რისი ნათელი მაგალითებიც არის ყველა ის ერთობლივი პროექტი, ინვესტიციები და ორმხრივი მექანიზმები, რომლებიც შეიქმნა, განხორციელდა და მომავალშიც გაგრძელდება”, -აცხადებენ სამინისტროში.

თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველომ თურქეთის წინაშე, 1990-2011 წლებში მოხმარებული ელექტროენერგიისთვის არსებული ვალი აღიარა. როგორც თურქული მედია წერდა, 1 მილიარდი კილოვატისთვის არსებულ ვალს ქართული მხარე თურქულ კომპანია TETAŞ-ს გადაუხდის.