"უმაღლეს განათლებას იმიტომ ჰქვია უმაღლესი განათლება, რომ ის არ არის საყოველთაო, საქართველოშიც ასე უნდა იყოს"

უმაღლესი განათლება უნდა იყოს  მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვინც განსაკუთრებულ აკადემიურ წარმატებას აღწევს, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ საზოგადოებისადმი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

განათლების მინისტრის თქმით, ძალიან ბევრ ქვეყანაში, უმაღლეს განათლებას იმიტომ ჰქვია უმაღლესი განათლება, რომ ის არ არის საყოველთაო და საქართველოშიც ასე უნდა იყოს.

”დამთავრდა ეროვნული გამოცდები. ძალიან ბევრი წერილი მომდის, მოგეხსენებათ, წელს ჩვენი აბიტურიენტების დაახლოებით 16%–მა, ვინც ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობდა, მინიმალური ბარიერი ვერ გადალახა და ზოგჯერ, ეს ძალიან ცუდ შედეგად შეფასდა, რასაც მე პრინციპში არ ვიზიარებ. ძალიან ბევრ ქვეყანაში, უმაღლეს განათლებას იმიტომ ჰქვია უმაღლესი განათლება, რომ ის არ არის საყოველთაო, ჩვენთანაც ასე უნდა იყოს. უმაღლესი განათლება უნდა იყოს მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვინც განსაკუთრებულ აკადემიურ წარმატებას აღწევს. დღესდღეობით, ეს 16% რომლებმაც ბარიერი ვერ გადალახეს, სხვა ქვეყნებთან შედარებით საკმაოდ დაბალია, რადგან ზოგ ქვეყანაში ეს არის 25%, ზოგან 50%–იც და მეტიც. რაც უფრო ძლიერი უმაღლესი განათლების სისტემა აქვს ქვეყანას, მით უფრო ფრთხილად არჩევს მონაწილეებს”, - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.