კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზის სამუშაოებში  7 025 000 ლარამდე დაიხარჯა.

კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზის 6,4 კმ-იან მონაკვეთზე საგზაო სამუშაოები დასრულდა.

როგორც თბილისის მერიიდან აცნობეს, დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი დავით ნარმანია, ვიცე მერი ლაშა აბაშიძე და მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, გივი კუბლაშვილთან ერთად გაეცნო.

“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზის მონაკვეთი, რომელიც წლების განმავლობაში იყო დაზიანებული. ჩვენ გავაკეთეთ საფუძვლიანად 6,4 კმ გზა - კოჯრის ცენტრიდან სამადლომდე. მნიშვნელოვანია ის, რომ დაიგო არა მხოლოდ გზის საფარი, არამედ მოეწყო სანიაღვრე სისტემა, გაკეთდა 15-ზე მეტი ხელოვნური ნაგებობა, წყლის ასაქცევი სისტემები, ისე რომ ეს გზა საკმაოდ ხანგრძლივ ვადიან ექსპლუატაციაზეა გათვლილი. მნიშვნელოვანია ის, რომ სეზონზე, როცა აქეთ მოძრაობის ინტენსივობა იზრდება, საგზაო სამუშაოები დავასრულეთ, შესაბამისად ჩვენი თანამოქალაქეები დღეიდან კომფორტულად და თავისუფლად გადაადგილებას შეძლებენ”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, კოჯორი-სამადლოს 6,4 კმ-იანი გზის მონაკვეთის რეაბილიტაციის აუცილებლობას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებდა, მათ შორის, 2015 წლის ივნისში მომხდარი სტიქიური მოვლენების, კერძოდ, წყნეთი-ბეთანიის გზის მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზარდა თბილისი-კოჯორის მიმართულებით ავტოტრანსპორტის ნაკადი, ასევე, მწყობრიდან გამოვიდა წყალამრიდი და წყალგამტარი ნაგებობები, ჩამონაშალი მასალისგან კი შევიწროვდა გზის მონაკვეთები, შესაბამისად, გზის საექსპლუატაციო მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელი იყო და დაზიანებული გზა კაპიტალურ რეაბილიტაციას საჭიროებდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტი ორ ეტაპად განხორციელდა. პირველ ეტაპზე მოეწყო საინჟინრო ნაგებობები - აშენდა 3 საყრდენი კედელი, მოეწყო 16 სანიაღვრე მილი, წყალმიმღები ჭები და კიუვეტები. გზის ცალკეული მონაკვეთების გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, ასევე გაგანიერდა და დაიგო ასფალტის ახალი საფარი.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის კონტრაქტორი კომპანია შპს „ჯი არ ჯი“ აწარმოებდა. აღნიშნული გზის რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 7 025 000 ლარამდე დაიხარჯა.