ზესტაფონში ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაობი დაათვალიერა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სოფლების მეორე სვირისა და სადგურ სვირის დამაკავშირებელი 7,5 კმ-იანი გზის რეაბილიტაციის პროექტს, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

გზას რეაბილიტაცია 80-იანი წლების შემდეგ არ ჩატარებია, რის გამოც, მასზე გადაადგილება თითქმის შეუძლებელი იყო და აღნიშნული მონაკვეთის დაფარვას თითქმის ნახევარი საათი სჭირდებოდა. პროექტის დასრულების შემდეგ 7,5 კმ-იანი გზის გავლა 10 წუთში გახდება შესაძლებელი.

პროექტის ფარგლებში, მოეწყობა გზის ცემენტ-ბეტონის საფარი, ზედაპირული წყლების აცილების ქსელი, წყალგამტარი მილები, რკინა-ბეტონის ღარები და გრუნტის პროფილირებული არხები. ასევე, დამონტაჟდება საგზაო ნიშნებიც. პროექტი მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და სექტემბერში დასრულდება. მშენებლობაზე 60 ადამიანია დასაქმებული. პროექტის ღირებულება 2 595 144 ლარია.