თბილისის მეტროს ახალი ოთხვაგონიანი განახლებული შემადგენლობა დაემატა

თბილისის მერია და ”თბილისის სატრანსპორტო კომპანია” მეტროს ვაგონების მოდერნიზაციას აგრძელებს.

დღეიდან დედაქალაქის მეტროს სავაგონე პარკს ოთხვაგონიანი განახლებული შემადგენლობა დაემატება.

როგორც  თბილისის მერიაში განაცხადეს, მეტროს შეუფერხებელი მოძრაობისა და უსაფრთხოების მიზნით, შემადგენლობის კაპიტალური განახლება და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა მოხდა. შეკეთდა შემადგენლობის ძრავები და გამოიცვალა გოგორწყვილები. ვაგონების ძველი კომპრესორები ჩანაცვლდა ახალი, ხრახნული ტიპის კომპრესორებით. ასევე, განახლდა სიჩქარის რეგულირების მექანიზმი, დამონტაჟდა მოდერნიზებული, ავტომატური სიჩქარის სისტემა, რომელიც შემადგენლობის გამართულ მოძრაობას უზრუნველყოფს. ვაგონების მოძრაობა და სიჩქარის მექანიზმის ფუნქციონირების გაკონტროლება კომპიუტერით გახდა შესაძლებელი.

შემადგენლობის ინტერიერი განახლდა, სალონში დამონტაჟდა თანამედროვე დიზაინის დიოდური სანათები და შეიცვალა იატაკის საფარი.

რამდენიმე დღეში ასეთივე განახლებული ოთხ ვაგონიანი შემადგენლობა შევა ექპლუატაციაში. პროექტის ფარგლებში 2016 წელს მეტროს 12 ვაგონის კაპიტალური შეკეთება მოხდა. ამ თვის ბოლოს კი „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ მეტროს ვაგონების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მორიგ ტენდერს გამოაცხადებს.